თბილისის შემოერთება — დავით აღმაშენებლის სამეფო ხელისუფლების მიერ საქართველოს ფეოდალური მონარქიის გაძლიერება-ცენტრალიზაციისათვის გატარებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება.
1121 წლის მიწურულს დავითმა თბილისს ალყა შემოარტყა. ქალაქმა წინააღმდეგობა სცადა, მაგრამ ქართველთა სამხედრო დარტყმები იმდენად ძლიერი იყო, რომ ბრძოლის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ალყამ მოსახლეობაც მძიმე დღეში ჩააგდო. თბილისის მმართველებმა მეფესთან მოლაპარაკების გამართვა გადაწყვიტეს — მათ ელჩები მიუგზავნეს დავითს და ზავი ითხოვეს, მაგრამ მეფის გადაწყვეტილება ურყევი იყო — თბილისი ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა დამორჩილებოდა და ამიტომაც, დავითმა ელჩებთან მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა.[1] 1122 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ქართულმა ჯარმა გადამწყვეტი იერიში მიიტანა და აიღო ქალაქი. დავით აღმაშენებელმა მოსახლეობის მიმართ დიდი სიმკაცრე გამოიჩინა — ბევრი დახოცა, ხუთასი კაცი წვეტიან სარზე წამოაცვა და წამებით მოკლა.[2] რამდენიმე დღეში ქალაქში წესრიგი დაამყარა და ყოველგვარი ძალადობა აღკვეთა. თბილისის აღების შემდეგ დავითმა საქართველოს დედაქალაქი ქუთაისიდან კვლავ აქ გადმოიტანა.