თბილისის მთავარანგელოზთა ეკლესია
თბილისის მთავარანგელოზთა ეკლესია — ძველ თბილისში მდგარი V საუკუნის ეკლესია. მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში.
VII საუკუნის სომეხი ისტორიკოსი მოსე კალანკატუელი საინტერესო ცნობას გვაწვდის ამავე საუკუნის დამდეგის თბილისის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ: „ხაზარებმა გარე მოიცვეს ნებიერი, მოვაჭრე, სახელოვანი დიდი ქალაქი ტფილისი... ქალაქის აღების შემდეგ, ჯერ მოსახლეობა გაჟლიტეს და შემდეგ ხელი მიჰყვეს საგანძურებს. მთელი სიმრავლე მძიმედ დატვირთული მეომრებისა მიდიოდა თავის ბატონთან და მიჰქონდათ ნადავლის ზვინები და ხვავები. იმდენი მოჰყარეს, რომ თვალს წყალი ელეოდა ოქროსა და ვერცხლის ქანქარების უთვალავი რაოდენობის ცქერაში. ენით უთქმელია თვალმარგალიტით მოოჭვილ საეკლესიო სამკაულ სამსახურებელის ამბავი, რომელიც წაიღეს“.
სომეხი ისტორიკოსი უხტანესი VI საუკუნის დასასრულისა და VII საუკუნის დასაწყისის ისტორიული ამბების აღწერისას თბილისის შესახებ ამბობს: „საოცრად ნაგები და საკვირველი, სახელგანთქმული და გამოჩენილი დიდი ქალაქი ტფილისი“.
ასეთი სიმდიდრის ქალაქი ვერ დაეტეოდა მხოლოდ აბანოთუბნის ტერიტორიაზე, რაზედაც ასევე მიგვანიშნებს სიონის საკათედრო ტაძრის მშენებლობა ქალაქის ზღუდის გარეთ, რადგან საეპისკოპოსოები მხოლოდ მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში შენდებოდა. აგრეთვე აღსანიშნავია ამავე პერიოდში აშენებული ანჩისხატის ტაძარი. აქედან შეიძლება დაბეჯითებით ვთქვათ, რომ თბილისი ძლიერ მდიდარი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ყოფილა. ამიტომ არ არის გასაკვირი დღევანდელი ერეკლე მეორის მოედნის მიდამოებში VI-VII საუკუნეებში აგებული წმინდა მთავარანგელოზთა ეკლესიის მშენებლობის დაწყება ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდში. ამ ეკლესიის შესახებ მეტად მწირი ცნობები არსებობს.
პლატონ იოსელიანი „თბილისის სიძველეთა აღწერაში“ მთავარანგელოზთა ეკლესიის შესახებ წერს: „ამ ადგილზე ყოფილა ძველის ძველი, ტფილისის დაარსების ჟამის ეკლესია წმიდა მთავარანგელოზთა სახელობისა. 1398 წელს თემურმა იგი საფუძვლითურთ მოაოხრა, მასზე მიჯრილი სასახლითურთ. 1640 წელს ახლოს მის ნაშთთაგან როსტომ მეფის ბრძანებით სამიეკლესია ააშენეს. ასე აღიმართა: ა) წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია როსტომ მეფის სასახლის წინ; ბ) მეფის მოედნის შუაგულში, ხარების სახელობისა და გ) წმინდა გიორგისა, დაუსრულებელი. აქედან ჩანს, რა სივრცისა ყოფილა მთავარანგელოზთა ეკლესია, V საუკუნის ნაგებობა“.
ლიტერატურა
რედაქტირება- მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 43