თბილისის ამაღლების ეკლესია
თბილისის ამაღლების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობდა სოლოლაკში ახლანდელი ამაღლების (ყოფიფილი იოსებ დავითაშვილის) ქუჩაზე, კოჯრისკენ მიმავალი გზის მარცხნივ მხარეს. ეკლესიის აგების ინიციატორი იყო ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი. ეკლესია გაზის გაფართოებასთან დაკავშირებით დაანგრიეს XX საუკუნის 20-იან წლებში. ამავე საუკუნის მიწურულს ძველი ეკლესიის ადგილზე ააგეს ამაღლების ახალი ეკლესია.
ამაღლების პირველი ეკლესია
რედაქტირებათბილისის ამაღლების ეკლესიას საძირკველი ჩაეყარა 1851 წლის 12 მარტს, მშენებლობა დამთავრდა 1852 წლის 23 ნოემბერს. ეკლესიის აგების ინიციატორი იყო ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი. იგი თბილისის სიძველეთა მიმოხილვაში ამ ეკლესიის შესახებ წერს: „... 1851 წელს ათენში ეოლის ტაძრის ნიმუშითაა აშენებული...“ ეკლესია, რომელიც პლატონ იოსელიანმა ბერძენ ხელოსნებს ააგებინა, იყო აგურით ნაშენი, შელესილი და თეთრად შეღებილი.
პლატონ იოსელიანის მიერ აშენებულ ამაღლების ეკლესიაზე მღვდელი სტეფანე ბაიდოშვილი 1902 წლის 14 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ წერდა:
„ჩვენ დედაქალაქ ტფილისში ეხლანდელ სოლოლაკის მხარეს ძველთაგანვე სცხოვრობდა მომეტებული ნაწილი ქართველობა, რომლის ჩამომავლობა ახლაც მრავალია.
სწორედ ამ ქართველებისათვის, აღთქმისამებრ თვისისა, პირველად ააშენა აქ ამაღლების ეკკლესია დაუვიწყარმა პლატონ იოსელიანმა, მაგრამ ახლანდელ სოლოლაკის ახალ თაობას რომ შემთხვევით ჰკითხოთ, ეს ეკკლესია ვინ ააშენაო? ისეთს პასუხს მიიღებთ, რომ იქ პლატონის ხსენებაც კი არ იქნება. ახლა კი მნახველმა როგორ უნდა შეატყოს სოლოლაკის ეკკლესიას, რომ მისი საძირკველი ქართველის ხელით იყო ჩაყრილი. ამის მოწმე მხოლოდ ცივი დედა-მიწა-ღაა. ეხლა თვით ეკკლესიაში არავითარი წარწერა არ არის დასამტკიცებლად იოსელიანის შრომისა; ხოლო აქა-იქ მოიპოვება კედლებზე რამდენიმე ჩვენ, ქართველებისათვის, ფრიად საგულისხმო ხატი, რომელიც ჰქონდა იოსელიანს გადმოცემული ქართველთა მეფეების ჩამომავლობისაგან. მაგალითად, მარჯვნივ მხარეს კედელზე კანკელის მახლობლად არის დასვენებული ახლაც მშვენიერი ღვთისმშობლის ხატი წარწერით. ეს წმინდა ხატი არის თვით ის ხატი, რომელიც მეფე თეიმურაზმა, რუსეთში წასვლის გამო, თავისს შვილისშვილს გიორგის მიულოცა და მისცა მას სკიპტრა ქართლის მეფობისა, გარემოზდვა ას თავისი სამეფო ხმალი, დაჰკიდა მას, ძალი მორწმუნეთა, ჯვარი ძელ-ჭეშმარიტით აცმული, ოქროს ჯაჭვითა საკიდარი და თვალ–მარგალიტითა შემკული, მცხეთის ეკკლესიასა შინა იოსებ კათალიკოზის თანდასწრებითა.
მარტო ეს წმინდა ნაშთი–ღა ამტკიცებს იოსელიანის შრომას ამაღლების ეკკლესიისას, რომელშიაც განისვენებს მისი მტვერი“.
1851 წელს პლატონ იოსელიანმა ააშენა ამაღლების ეკლესიათავის საკუთარის ხარჯით იმ გეგმაზე, რომელიც მან ნახა თავის მოგზაურობის დროს ათინაში აშენებული ეკკლესია ეოლასი. მიზეზი, ამაღლების ეკკლესიისა იყო შემდეგი: პლატონს ჰყავდა ერთადერთი შვილი, რომელსაც 1847 წელს გამოაჩნდა ქოლერა და ის-ის იყო პლატონს პირმშო შვილი ხელიდან ეცლებოდა, რომ დაჩოქილი ევედრა უფალს განეკურნა ძე მისი და ნაცვლად მის ლოცვის ყურადღებისა დასვა წერილობითი აღთქმა, რომ სოლოლაკში ღვთის სახლი აღეშენებინა. აღთქმა მისი შესდგება შემდეგის სიტყვებით: „ვაძლევ აღთქმას ღმერთს და ქრისტე ჩემ მაცხოვარს უეჭველად ავაგო ეკლესია სოლოლაკში“ — პლატონ იოსელიანი.
როდესაც პლატონ იოსელიანი ეკლესიის შენებას შეუდგა, მაშინდელი სოლოლაკელი ქართველობა აღტაცებას მიეცა, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს ამბავი მივიდა მეფის შვილის ოქროპირამდის, რომელსაც იოსელიანის აზრი და დაწყობილება მოეწონა და სოლოლაკის ამაღლების ეკკლესიის აშენების შესახებ 22 გიორგობას 1851 წელს ვრცელი წერილი მოსწერა.
ამაღლების ეკკლესია იყო რვაკუთხიან ვარსკვლავის მსგავსი შიგნიდან და გარედან მშვენივრად შეკეთებული, შესანიშნავი ძველად ნახატის კანკელით და როდესაც სოლოლაკში ხალხი გამრავლდა, ეკკლესია განადიდეს დაწესებულმა ამაშენებელმა კომიტეტმა ეკკლესიისამ, რომელსაც შეადგენდნენ: თავმჯდომარედ დ. კრაევიჩი, უსათუო წევრნი მღ. ბარნაბოვი, მთ. დ. ს. ბაიდოშვილი, ხაზინადარი ვ. ი. ბარცოვი დასაქმის მწარმოებელი წევრი ა. ი. რიბინი. ამათგან შეგროვებულის 6105 მან. და71 კაპიკით შეკეთდა ეკკლესია სოლოლაკისა, რასაც ახლა ვხედავთ და იკურთხა ისევ ძველ ამაღლების სახელზედ 28 მარტს 1899 წ. ასე რომ თვითოეულ მრევლთაგანისათვის უნდა დაუვიწყარი იყოს უპირველეს განსვენებული პ. ი. იოსელიანი, რომელმაც პირველად სოლოლაკის ამაღლების ეკკლესიის საძირკველი ჩაჰყარა და ზეცად სხვადასხვა აზრთა მნიშვნელოვანი ეკკლესია ააგო. მაინც ნუ დაივიწყებს მკითხველი, რომ სახსოვრად და პატივისცემის ნიშნად ბ-ნ იოსელიანისა, სულ უკანა კედელი საკურთხეველისა ისევე შეუცვლელად დარჩენილია... ჟამთა უწყალო ტრიალთა მოწმეო პლატონ! მშვიდობა შენს მტვერს, მოგცეს ღმერთმა ბედნიერი წილი სასუფეველში, საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ღირსო მუშაკო ქართველებისავ!”
ამაღლების ეკლესია მდებარეობდა თბილისელი მიტროპოლიტების ბაღის ზედა ნაწილში, კოჯორში მიმავალი გზის მარცხენა მხარეს. ეკლესიის აგების შემდეგ, ეს გზა გააფართოვეს და მას ამაღლების ქუჩა დაარქვეს. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში, 1968 წელს ეკლესია დაანგრიეს კოჯრის გზის გაფართოვებასთან დაკავშირებით.
ამაღლების მეორე ეკლესია
რედაქტირება1999 წლის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის გადაწყვეტილებით ამაღლების ქუჩის გასასვლელის №1–ში გამოიყო მიწის ნაკვეთი ამაღლების ტაძრის ასაშენებლად.
ახალი ამაღლების ეკლესიის საძირკველი დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა აკურთხა. 2003 წლის 23 თებერვლიდან ეკლესია მოქმედია. თლილი ქვით შემოსილი ამაღლების ახალი ეკლესიის პროექტის ავტორია არქიტექტორი რევაზ ჯანაშია. ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა, კარიბჭით დასავლეთით და შვერილი აბსიდით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 285, ISBN 99928-20-32-2.
- ქუთათელაძე მ., წერეთელი გ., „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 414-417