თარგი:დღის სტატია:11-25
არმაზის ბილინგვა — მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული ორენოვანი ეპიტაფია, რომლის ერთი ტექსტი ბერძნულად არის ნაწერი, მეორე არამეულად (არამეული წარმოშობის არმაზული ასოებით). წარწერა ნაპოვნია არმაზისხევში 1940 წლის 25 ნოემბერს, ტექსტი გაშიფრა გიორგი წერეთელმა 1941 წელს. წარწერა თარიღდება 150 წლით. არამეულ წარწერაში მოხსენიებულია ფარნავაზ I და ფარსმან II ქველი.
არმაზის ბილინგვის აღმოჩენამ და ამოშიფვრამ ნათელი მოჰფინა პირველი საუკუნეების საქართველოს პოლიტიკის და კულტურის ისტორიის ბევრ საკითხს. წარწერაში მოხსენიებული არიან II საუკუნის იბერიის (ქართლის) სახელმწიფოს მეთაურნი და თანამდებობის პირები.