ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თამაში (ინგლ. The Game) 一 ამერიკელი მწერლის, ჯეკ ლონდონის მცირე ნაწარმოები, რომელზეც მუშაობა ავტორმა 1904 წლის ზაფხულში დაიწყო და ერთი წლის შემდეგ, 1905 წელს გამოაქვეყნა. მოთხრობა ავტორის ცხოვრების იმ პერიოდითაა ინსპირირებული, როცა ის Oakland Herald-ში სპორტულ რეპორტიორად მუშაობდა.[1] ტექსტში გადმოცემული ნარატიული სტილი ეწინააღმდეგება ბურჟუაზიული საზოგადოების აღწერას, რომელიც ლიტერატურულ ნაწარმოებებში, თითქმის, სულ კომერციული მდგომარეობის ფონზე ვლინდება 一 მწერალი ილაშქრებს ბიზნესის წინააღმდეგ, რომელიც საკუთარ ფესვებს სპორტშიც იდგამს.[2]

„თამაში“
The Game

მოთხრობის პირველი გამოცემა, 1905
ავტორი ჯეკ ლონდონი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი მოთხრობა
გამომცემელი Macmillan
გამოცემის თარიღი 1905
მედია ბეჭდური
გვერდი 39
oclc 49293889

როდესაც ლონდონი დაადანაშაულეს მოთხრობაში არსებული უზუსტობების გამო, მან კრიტიკოსს შემდეგნაირად მიმართა: „მე მივიღე ეს გამოცდილება და სწორედ ამ გამოცდილების, დამატებით, ბოქსის საკმაოდ სრულფასოვანი შესწავლის, წყალობით დავწერე ეს მოთხრობა“.[3]

არსებობს ვერსია, რომ XX საუკუნის 20-იანი წლების გამორჩეულ ამერიკელ მოკრივეს, ჯიმ ტუნს, სწორედ ზემოხსენებული მოთხრობის წაკითხვის შემდეგ გაუჩნდა კარიერის დასრულების სურვილი.[4]

ოცი წლის ჯო ხვდება თვრამეტი წლის ლამაზმან ჟენევიევს და მომენტალურად შეუყვარდება იგი. ისინი ორივე ღარიბ ოჯახში გაიზარდნენ. ჯო მუშაობს საწყობში, პარალელურად ის არის მოკრივე, აქ მიღებული შემოსავლით კი ის ცდილობს, არჩინოს საკუთარი დედა და უმცროსი და-ძმები. რაც შეეხება ჟენევიევს, ის ობოლია, იმჟამად კი ის სილვერშტეინების ოჯახში აფარებს თავს, რომელთა მაღაზიაშიც იგი დასაქმდება. ახალგაზრდები, თანდათანობით, უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ ერთად და, მალევე, ისინი ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ. როცა ჟენევიევი გაიგებს, რომ ჯოს გატაცებას კრივი წარმოადგენს, ის სთხოვს მეუღლეს, შეეშვას ამ საქმიანობას, რომელსაც თავად „საშიშ საქმედ“ მოიხსენიებდა ხოლმე. ჯო პირობას იძლევა, რომ ის სპორტულ კარიერას დაასრულებს, თუმცა მას ერთი ორთაბრძოლის ბოლომდე მიყვანაღა დარჩა, რათა მიღებული თანხით ახალი სახლი იყიდონ. სწორედ ამ ორთაბრძოლის შემდეგ გეგმავს წყვილი ქორწინებას.

თუმცა, საბრძოლო პროცესის მიმდინარეობისას დარბაზში ქალების შესვლა დაუშვებელი იყო, ჯო მაინც მოახერხებს ჟენევიევის შენიღბვას და რინგს უკან დაყენებას. ამჯერად, ჯოს მეტოქე უძლეველი პონტაა, თუმცა, მატჩის ფავორიტად მაინჩ ჯო მიიჩნევა, რომელსაც თითქმის მთელი დარბაზი გულშემატკივრობს. დაძაბული ბრძოლისას უპირატესობა ხან ერთ მხარეზე, ხან მეორე მხარეზე ინაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯო მედგრად უძლებს მოწინააღმდეგეს, გადამწყვეტ მომენტში ის გასრიალდება და პონტა მას ნოკაუტში ჩააგდებს. ჯო გონს ვერ მოდის, ის გადაჰყავთ საავადმყოფოში, იძახებენ ექიმებს, თუმცა ყველაფერი გვიანია 一 ჯო კომაში ვარდება და კვდება.

ჟენევივი, რომელსაც სულ ახლახანს გარდაეცვალა საქმრო, იაზრებს, რომ თვით მის სიყვარულსაც კი არ შეეძლო იმ დამოკიდებულების გადაწონვა, რომელიც ჯოს ამ თამაშის მიმართ გააჩნდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.С. Батурин.. ru.
  2. С. И. Суховерхов.. Лондон, Джэк. ციტირების თარიღი: 2012-06-29
  3. Feedbooks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-25. ციტირების თარიღი: 2023-03-25.
  4. Sonoma State University
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თამაში_(ნოველა)“-დან