თამარ მარჯანიშვილი

თამარ მარჯანიშვილი (დ. 1 აპრილი, 1869 — გ. 10 ივნისი, 1936) — ქართველი სასულიერო პირი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

თამარ მარჯანიშვილი (ცნობილი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის უფროსი და) სამხედრო ინჟინერ ალექსანდრე მარჯანიშვილისა და თავადის ასულ ელისაბედ ჭავჭავაძის ოჯახში დაიბადა. თამარს ბავშვობიდანვე ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ჰქონდა მუსიკალური ნიჭი და შესანიშნავი ხმა. კავკასიის ქალთა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, პეტერბურგის კონსერვატორიაში შესასვლელად ემზადებოდა, მაგრამ დედის გარდაცვალების გამო (მამით ბავშობაშივე დაობლდა) პეტერბურგიდან ყვარელში დაბრუნდა და მშობლიური მამულის მართვა იკისრა.

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში თამარი შემთხვევით მოხვდა. ზაფხულში უმცროს და–ძმასთან ერთად დეიდასთან სტუმრობდა სიღნაღში. მეგობრებთან ერთად სეირნობისას ბოდბის ტაძარსაც ეწვია, სადაც საღვთო ლიტურგია მიმდინარეობდა. კლიროსზე იდგა იღუმენია იუვენალია და ლოცვებს კითხულობდა, რამდენიმე და გალობდა. ტაძარში გამეფებულმა სულიერმა ატმოსფერომ თამარზე ისე იმოქმედა, რომ მტკიცედ გადაწყვიტა მონაზვნად აღკვეცილიყო და მთელი ცხოვრება ღვთის სამსახურისთვის მიეძღვნა. ახლობლები ბევრს ეცადნენ იგი საერო ცხოვრებაში დაებრუნებინათ, მაგრამ ამაოდ. 1899 წელს თამარი მონაზვნად აღიკვეცა და საეკლესიო სახელად იუვენალია ეწოდა. 1902 წელს იღუმენია იუვენალია–უფროსი გადაყვანილ იქნა მოსკოვში ერთ–ერთი მონასტრის წინამძღვრად. იუვენალია–უმცროსი კი საქართველოს ეგზარქოსის ბრძანებით ბოდბის მონსატრის იღუმენიად განამწესეს. ეს იყო უმძიმესი წლები რუსეთის იმპერიაში შემავალი საქრთველოსა და ქართული ეკლესიისათვის. იკრძალებოდა წირვა–ლოცვა ქართულ ენაზე. ამ ურთულეს პერიოდში, თამარ მარჯანიშვილის ძალისხმევით ბოდბის ქალთა სასწავლებელში ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდა პირველიდან დამამთავრებელ კლასამდე. მისივე დამსახურებით ბოდბის მონასტერში წირვა–ლოცა და გალობა ქართულად აღევლინებოდა. წინამძღვარი მუდმივად ზრუნავდა ქართველ პედაგოგთა და მოსწავლეთა მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სისტემატურად ითხოვდა ფულად დახმარებას საქართველოს საეგზარქოსოსა თუ რუსეთის სინოდისაგან. მისი შეუპოვრობა და თავგანწირვა მხოლოდ უდიდესი ძალისხმევის შემდეგ აღწევდა მიზანს.

1905-1907 წლებში რევოლუციურად განწყობილი მთიელები თავს ესხმოდნენ საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას, გლეხები ხშირად მიმართავდნენ დახმარებისათვის დედა თამარს და ისიც ყველას ეხმარებოდა, იცავდა და თავშესაფარს აძლევდა მონასტერში. რევოლუციონერები განაწყებენულები იყვნენ ახალგაზრდა იღუმენიაზე და ხშირად უგზავნიდნენ მუქარის ანონიმურ წერილებს. 1907 წლის ნოემბერში თავდასხმა მოხდა ეტლზე, რომლითაც თამარი თბილისიდან ბოდბეში მიემგზავრებოდა. სინოდმა შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა და დედა თამარი საქართველოდან გაიწვია. ეს ფაქტობრივად გადასახლებას ნიშნავდა. თამარ მარჯანიშვილი მოსკოვში გადაიყვანეს და პოკროვის რელიგიური თემის წინამძღვრად დანიშნეს. დედა თამარს არ უყვარდა თავისი ცხოვრების ამ პერიოდის გახსენება. მან ერთდროულად დაკარგა მშობლიური სავანე, სამშობლო და სულიერი შვილები.

1908 წელს სერაფიმო–პონეტაევის მონასტერში ლოცვისას დედა თამარს ღვთისმშობელი გამოეცხადა და მონასტრის დაარსება ურჩია. სწორედ ამ პერიოდში მას განდეგილად ცხოვრების სურვილი ჰქონდა, მაგრამ სასულიერო მამების რჩევით გადაწყვიტა დამორჩილებოდა ღვთისმშობლის ნებას. 1910-1912 წლებში დედა თამარის ინიციატივით რუსულმა ეკლესიამ სერაფიმე–ზნამენსკის სკიტი ააშენა. სწორედ აქ, 1915 წლის 21 სექტემბერს, თამარ მარჯანიშვილი დიდი სქიმით შეიმოსა და სქიმიღუმენია თამარი გახდა. ამ დროიდანვე ეწოდა მას რუსიფიცირებული სახელი ფამარი. სერაფიმო–ზნამენსკოეს სავანემ მხოლოდ თორმეტი წელი იარსება. 1924 წელს ბოლშევიკებმა სავანე გაანადგურეს. დები სხვადასხვა მხარეს დაიფანტნენ. დედა თამარმა პატარა სახლი იშოვა პერხუშკოვოს დასახლებაში და იქ დაიდო ბინა თავის ათ დასთან ერთად. პერხუშკოვოში ცხოვრება დაახლოებით ისე აეწყო როგორც სავანეში.

1931 წელს დედა თამარი რამდენიმე მონაზონთან ერთად დააპატიმრეს. ბრალდებად საქართველოს 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მოთავეებთან კავშირი წაუყენეს და ბუტირკის ციხეში ჩასვეს. ციხეში მთელ ღამეებს ლოცვაში ატარებდა, საოცარი სულიერი ძალის მქონე მუდამ ცდილობდა სხვათა დამშვიდებასა და დაწყნარებას. გასამართლების შემდეგ 60 წლის დედა თამარს გამოუტანეს განაჩენი – ხუთი წლით თავისუფალი გადასახლება ირკუტსკის ოლქში.

კოტე მარჯანიშვილი ყოველ ღონეს ხმარობდა დის გასათავისუფლებლად, მაგრამ მის თხოვნას ხელისუფლება მუდმივად უგულვებელყოფდა. კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობრებმა მაქსიმ გორკიმ და მხატვარმა პავლე კორინმა შეუძლებელი შეძლეს და სქიმიღუმენი თამარი 1934 წლის შემოდგომაზე ვადაზე ორი წლით ადრე დააბრუნეს გადასახლებიდან.

დედა თამარს საქართველოში ცხოვრების უფლება არ მისცეს. დასახლდა მოსკოვთან ახლოს რკინიგზის სადგურ „პიონერსკაიასთან" მდებარე პატარა სახლში. იგი უკვე მძიმე ავადმყოფი იყო, გადასახლებაში სამხრეთელი ადამიანისათვის უჩვეულო კლიმატს ვერ გაუძლო და ტუბერკულოზით დაავადდა.

დედა თამარი 1936 წლის 10 ივნისს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. წესი სერპუხოვის მთავარეპისკოპოსმა მეუფე არსენმა (ჟადანოვსკი) აუგო. დაკრძალულია მოსკოვში ვედენის მთაზე. მის საფლავზე არის წარწერა: „რომელი მრწმენა , ცხონდესვე უკუნისამდე".

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება