თამარ დაფქვიაშვილი
თამარ ვლადიმერის ასული დაფქვიაშვილი (დ. 21 დეკემბერი, 1908, თბილისი, — გ. 5 თებერვალი, 1994, იქვე) — ქართველი პიანისტი, პედაგოგი, პროფესორი (1966), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966).
ბიოგრაფია
რედაქტირებათამარ დაფქვიაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საფორტეპიანო სპეციალობით 1929 წელს. 1932-1935 წლებში ოსტატობას სრულყოფდა ლენინგრადის კონსერვატორიაში ნიკოლაევისა (ფორტეპიანო) და ბრიკ-ირადოვას (კამერული ანსამბლი) კლასებში. 1929 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1935-1937 წლების გარდა) პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში, 1966 წლიდან პროფესორი. მისი მოსწავლეებიდან აღსანიშნავია ვაჟა ჩაჩავა.
ეწეოდა აქტიურ საშემსრულებლო საქმიანობასაც. საშემსრულებლო მეთოდიკის საკითხებზე ლექციებს კითხულობდა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. თამარ დაფქვიაშვილმა პირველმა ჩაატარა საქართველოში სონატური კონცერტების ციკლი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. სწორედ მანვე შეადგინა „უცხოურ–ქართული მუსიკალური ტერმინოლოგია“ (1948 წელს), „მუსიკალურ ტერმინთა ლექსიკონი“ (1955 წელს). იგი ასევე, ავტორია ნაშრომისა – „კამერულ საკრავიერი ანსამბლები და საანსამბლო შესრულების ძირითადი პრინციპები“, რომელიც გამოიცა 1988 წელს რუსულ ენაზე. მას ეკუთვნის ნაშრომი, მოგონებები გამოჩენილ ქართველ მუსიკოსებზე. იგი წლების განმავლობაში იყო საზოგადოება „ცოდნის“ ერთ-ერთი გამორჩეული და მთავარი წევრი. დაფქვიაშვილის დაკვრას ახასიათებდა გამორჩეულად მუსიკის სიფაქიზე, ნაწარმოების სტილისტურ თავისებურებათა მკვეთრი და ღრმა ცოდნა. გარდაიცვალა 1994 წელს, 85 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 415, ISBN 99928-20-32-2.;
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 337.;
- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")