მიტროპოლიტი ზინობი (ერისკაცობაში — ზაქარია აკიმის ძე მაჟუგა; დ. 14 სექტემბერი, 1896, გლუხოვო, ჩერნოგოვის გუბერნია — გ. 8 მარტი, 1985, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

სამი წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, 11 წლისას — მამა. ბავშვობიდან იგი გლინის უდაბნოს სავანეს მიეკედლა, სადაც სამკერვალო სახელოსნოში მოწაფედ მიებარა. 1912 წლიდან გლინის უდაბნოს მორჩილია. 1916 წელს მორჩილი ზაქარია მაჟუგა სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, საიდანაც ფრონტის ხაზზე რიგით ჯარისკაცად იმ ნაწილში მოხვდა, რომელსაც ნიკოლოზ II-ის ბიძა მიხეილ ხელმძღვანელობდა. 1917 წელს ავადმყოფობის გამო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ზაქარია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღეს გლინის სავანეში აღიკვეცა ბერად და მღვდელმოწამე ზინობ ეგესელის პატივსაცემად უწოდეს სახელი ზინობი. 1922 წელს საქართველოში დრანდის მონასტერში იწყებს მთავარდიაკვნობას. 1925 წლის 18 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდის ავლით რუსული ეკლესიის ეპისკოპოსმა ნიკონმა მამა ზინობი მღვდელმონაზვნად აკურთხა. 1927 წლიდან მამა ზინობი სოხუმის ეპარქიაში წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარია, 1925-1930 წლებში სოხუმის წმიდა ნიკოლოზის ტაძარშია, 1930-1936 წლებში როსტოვის სოფიის ტაძარში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ მამა ზინობი მცხეთის წმიდა ოლღას სახელობის მონასტრის მღვდელმსახურია. 1944-1945 წლებში სიონის საპატრიარქო ტაძარშია. 1945-1947 წლებში მამა ზინობი სომხეთის რესპუბლიკის სოფელ კიროვოს წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 1947-1950 იყო წლებში იგი ბათუმის სასაფლაოს სულიწმიდის ტაძრის წინამძღვარი. მის დროს ტაძარი მთლიანად აღსდგა და მრავალი ხატით შეივსო. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს მიერ 1950 წელს იგი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვრად, ამავდროულად იგი ასრულებდა საქართველოსა და სომხეთში არსებული რუსული მრევლის კეთილმოწესის მოვალეობასაც. 1952 წლის 11 ივნისიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრია. 1953 წელს დაჯილდოვდა მეორე გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით, 1954 წელს — არქიმანდრიტის კვერთხით. 1956 წლის 29 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის გადაწყვეტილებით არქიმანდრიტი ზინობი ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად. 1957 წლის 6 მარტს ეპისკოპოსი ზინობი დაინიშნა უწმიდესისა და უნეტარესი მელქისედეკ III-ის მეორე ქორეპისკოპოსად წოდებით „ეპისკოპოსი სტეფანოვანისა“. 1960 წლიდან კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ II-ის გადაწყვეტილებით მეუფე ზინობს ეწოდა „თეთრიწყაროელი ეპისკოპოსი“, ამავე დროს იგი რჩებოდა თბილისის ალექსანდრე ნეველის ეკლესიის წინამძღვრად.

ეპისკოპოსმა ზინობმა 1957 წლის 16 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში ბერად აღკვეცა ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი და უწოდა სახელი ილია.

1958 წლის ნოემბერში მეუფე ზინობი დაჯილდოვდა სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლებით. 1972 წლის 8 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ დავითის (დევდარიანი) მიერ აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტი ზინობი დაჯილდოებული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულთასწორის ნინოს I და II ხარისხის ორდენებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულთასწორის დიდი თავად ვლადიმერის I და II ხარისხის ორდენებით და ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულთა სწორთა კირილესა და მეთოდეს II ხარისხის ორდენებით.

1977 წლის 24 დეკემბერს მიტროპოლიტი ზინობი თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში შეხვდა და მიესალმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივ საეკლესიო კრებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსულ პატრიარქს პიმენს. მიტროპოლიტი ზინობი ახლდა უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს 1978 წლის მარტში მოსკოვში ვიზიტის დროს. 35 წლის მანძილზე მიტროპოლიტი ზინობი ტაძრის გვერდით მოკრძალებულ სენაკში ცხოვრობდა. ეს პატარა ოთახი იყო მისი კაბინეტიც და საძინებელიც. 1984 წლის 19 ივლისს (1 აგვისტოს), ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეს, მეუფე ზინობმა ლიტურგია აღასრულა, ფეხების სისუსტე იგრძნო და მას შემდეგ უკვე თავის სენაკს მიეჯაჭვა, რადგან სიარული გაუძნელდა, ფეხები აღარ ემორჩილებოდა. მაგრამ იმავე წლის 19 დეკემბერს წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს ანაფორა ჩაიცვა, თავად წავიდა ტაძარში და ლიტურგიის შემდეგ ლოცვაზეც კი გამოვიდა. ამ დღიდან გარდაცვალებამდე მას აღარ დაუტოვებია სენაკი.

1985 წლის 8 მარტს მიტროპოლიტი ზინობი გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვარდოსანიძე ს. „პატრიარქები“, თბ., 2013, გვ. 201-205
წინამორბედი:
-
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქორეპისკოპოსები
6 მარტი, 19578 მარტი, 1985
შემდეგი:
-