ზიარის წმინდა გიორგის ეკლესია
ზიარის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში.
დარბაზული ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი და რიყის ქვის ირეგულარული წყობით. გარეთა კუთხეებში შედარებით წესიერი ფორმის ლოდებია გამოყენებული. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდან არის მოწყობილი, ორივე წირთხლი ნატეხი ქვითა და ცემენტის ხსნარითაა აღდგენილი. კარს თაღი ასრულებს. ნახევარწრიული აფსიდში მაღალი, ბრტყლად გადახურული სარკმელია გაჭრილი, მის ორსავ მხარეს კი მცირე ზომის სწორკუთხა და თაღოვანი ნიშებია დატანილი. ღიობის ქვემოთ, კედელზე, ოთხწახნაგა ტრაპეზია მიდგმული. აფსიდი წვრილი ნატეხი ქვით ამოყვანილი კონქით არის გადახურული, სამხრეთ ნახევრის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამონგრეულია. ინტერიერის ნაწილი ტლანქად მიბათქაშებულია ცემენტით. ეკლესიის გრძივი კედლები სადაა. დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში თარაზულად გადახურული დაბალი სარკმელია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 18389