ზიარის უსანეთის ეკელსია

ზიარის უსანეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში, დგას სოფლის შუაში. განეკუთვნება XIX საუკუნეს.

ეკლესია დარბაზულია, უაფსიდო. ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით; წყობაში თანაბარი ინტერვალებით ჩატანებულია აგურის სარტყლები. კარ-სარკმელთა ღიობები გამოყვანილია კვადრატული აგურით,ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს; სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი ორფრთიანია,ჩასმულია სწორკუთხა ალათაში და გარედან ნახევარწრიული ტიმპანიტაა დასრულებული. ინტერიერი განათებულია ხუთი განიერი და მაღალი თაღოვანი სარკმლით. მათგან ერთი აღმოსავლეთითაა,ხოლო ორ-ორი ერთმანეთის მოპირდაპირედ,გრძივ კედლებში, სარკმლები შემინულია და გარედან ლითონის გისოსები აქვთ. შიგნით ეკლესია გადახურულია ისრული ფორმის შეფიცრული კამარით. გარედან ოთხივე კუთხეს აუყვება აგურით გამოყვანილი პილასტრისებრი შვერილი, რომელიც ვიწრო თარაზული ღარებით დანაწევრებულია თანაბარი სიმაღლის ნაწილებად, თითო მსგავსი პილასტრია გრძივი ფასადების შუაშიც. პილასტრები დაგვირგვინებულია აგურით ნაწყობი მაღალი ოთხსაფეხურიანი კაპიტელით. იმავე პროფილისაა გრძივი ფასადების ლავგარდანიც,განივ ფასადებზე კი იგი ორსაფეხურიანია. ეკლესიის ორივე შესასვლელი ჩასმულია სადა,თაღოვან ჩარჩოში. სარკმლებს, ზემოდან და გვერდებზე ევლება დეკორატიული არშია, რომელიც გამოყვანილია კედლის სიბრტყიდან გამოშვერილი და ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით დაცილებული აგურებით. ოთხივე ფასადის კიდეებთან, სარკმელთა გადახურვის დონეზე ჩარჩოში ჩასმული წრიული ჩაღრმავებაა. განივ ფასადებზე,ფრონტონის არეში, თითო მარალი რელიეგური ჯვარია გამოსახული. გაცილებით პატარა და კედლის სიბრტყეში შეღრმავებული თითო ჯვრის გამოსახულებაა გრძივი ფასადების აღმოსავლეთ ნაწილში. ეკლესიის დასავლეთ ფრონტონის წვერზე დადგმულია დაბალი, აგურით ნაშენი ოთხწახნაგა სამრეკლო. ეკლესია გადახურულია თუნუქის ორკალთა სახურავით.

ლიტერატურა

რედაქტირება