ზემო ხორხის საცხოვრებელი კომპლექსი

არქიტექტურული ძეგლი

ზემო ხორხის საცხოვრებელი კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხორხის დასავლეთით, 0,5 კილომეტრზე, ტყიან ფერდობზე. აგებულია X საუკუნეში. კომპლექსში შედის კოშკი, სწორკუთხა ნაგებობა და აკლდამა.

კოშკი ზურგიანია, ხუთსართულიანი, დგას კომპლექსის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, ზურგით სამხრეთისკენ. ნაგებია დიდი ქვის ლოდებითა და კირის ხსნარით. მწკრივების სწორხაზოვნება დაცულია. შემორჩენილია 11,5 მეტრი სიმაღლის დაბზარული კედლები. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა II სართულის დონეზე, მიწიდან 3,5 მეტრ სიმაღლეზე. კარი სწორკუთხაა. კარის წინ კიბის ბაქნის ორი კონსოლია შემორჩენილი. I სართული ნანგრევებითაა ამოვსებული. ინტერიერში შემორჩენილია სართულშუა გადახურვის საბჯენი ქვები. ერთადერთი სარკმელი III სართულის ჩრდილოეთ კედელშია. კოშკის ჩრდილოეთით, 2-3 მეტრზე, შემორჩენილია ორსართულიანი სწორკუთხა შენობის I სართულის კედლები, რომლებიც ნაგებია ქვის ლოდებით, უდუღაბოდ. აღმოსავლეთით კარის ფრაგმენტი ჩანს, ხოლო კარის პირდაპირ, სათავსოს შუაში - ნატეხი ქვით ნაგები ოთხკუთხა ბურჯის ძირი. კედლებს სართულშუა გადახურვის საყრდენი თარო გასდევს. ამ სათავსოს ჩრდილოეთით გეგმით სწორკუთხა გვიანდელი ნაგებობის კვალი შეიმჩნევა.

ორსართულიანი ნაგებობის ჩრდილოეთით 14 მეტრზე ორი ორმოა. აღმოსავლეთისა მრგვალია, ამოვსებულია მიწით, დასავლეთისა - სწორკუთხა და ამოყვანილია ქვის ლოდებით. ეს ორმო 1,7 მეტრი სიმაღლის სწორკუთხა კარით უკავშირდება ქვით ნაგებ, კვადრატული გეგმის აკლდამას, რომელსაც დიდი ბრტყელი ქვის ფილებით ნაწყობი ორსაფეხურიანი გადახურვა აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება