ზემო არტანის მთავარანგელოზთა ეკლესია

ზემო არტანის მთავარანგელოზთა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო არტანში სასაფლაოზე. განეკუთვნება XVIII საუკუნეს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შიგნიდან და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. სწორკუთხა შესასვლელები დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშია. ორივე შესასვლელის ღიობი შიგნითკენ თანდათან ფართოვდება და ბრტყელი თაღითაა გადახურული, ხოლო გარედან მორთულია აგურით ნაწყობი არქივოლტით, ეკლესიის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ოდნავ წაგრძელებული დარბაზი აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც დარბაზისგან გამოყოფილია ორი განიერი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი შეისრული საბჯნი თაღით.

აფსიდის ღერძზე გაჭრილია ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს, ერთმანეთის სიმეტრიულად, განლაგებულია თითო-თითო პატარა და მოზრდილი შეისრულთაღოვანი ნიში. თითო თაღოვანი სარკმელი სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშია. ეკლესიის ოთხივე ფასადზე აგურის წყობის შეღრმავებით თითო მაღალი ჯვარია გამოსახული. ეკლესიის დასავლეთ კედელზე მაღალი ოთხკუთხა სარკმელია მიშენებული, რომელსაც შიგნიდან გუმბათი ხოლო გარედან პირამიდული ფორმის სახურავი ხურავს.

ლიტერატურა

რედაქტირება