ზემო ალვანის ღვთაების ეკლესია
ზემო ალვანის ღვთაების ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში. ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით 2,5 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (5,8 X 3,4 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. შიგნით კედლები მობათქაშებულია. მოგვიანებით განახლებული ნაწილები (კონქისა და სატრიუმფო თაღის ნაწილები, ლავგარდანი) აგურითაა ნაწყობი. ძეგლი დაზიანებულია: დანგრეულია დასავლეთ კედლის უმეტესი ნაწილი და გარეთა კუთხეების ზედა ნახევარი, სახურავი ხეებითა და ბუჩქნარითაა დაფარული.
შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა. აბსიდი თავისებურადაა გადაწყვეტილი, სიმაღლეში იგი გაყოფილია ორ ნაწილად; ქვედა ნახევარში აბსიდი გეგმით ნახევარწრიული ფორმისაა, ხოლო ზედაში ბოლოები დაგრძელებული აქვს, რის გამოც აბსიდის ზედა ნახევარი ქვედასთან შედარებით რამდენადმე უფრო ღრმაა. აბსიდში ერთი თაღოვანი სარკმელი, ორი თაღოვანი და ერთი სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. დარბაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. შიგნით ორივე სარკმელი გადაბმულია მათ ქვემოთ მდებარე გეგმით სწორკუთხა ნიშებთან. შიგნით ეკლესიას ცილინდრული ფორმის კამარა ხურავს. ეკლესიასთან ახლოს დევს ქვიშაქვის სწორკუთხა ქვის ნაწილი, რომელზეც გაირჩევა ექვსსტრიქონიანი მხედრული წარწერის ცალკეული ასოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 84-85.