ზემო ალვანის კვირაცხოვლის ეკლესია

ზემო ალვანის კვირაცხოვლის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში. დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, 2,5 კილომეტრზე, ტყეში. ნაგებია რიყისა და სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გვიანი გადაკეთებებისა და დანამატების გამო თავდაპირველი სახე შეცვლილი აქვს. თავდაპირველი ნაგებობა სამეკლესიიანი ბაზილიკაა, განეკუთვნება VIIIIX საუკუნეებს. მოგვიანებით შუა ეკლესიაზე, იმხანად დანგრეული გვერდის ეკლესიების ნაცვლად, ჩრდილოეთიდან მიუშენებიათ ვიწრო სამლოცველო, ხოლო სამხრეთიდან განიერი სათავსი, რასაც სამხრეთიდან აფსიდიანი მინაშენი ეკვრის. ნაგებობები გეგმის ერთ სწორკუთხედში (15 X 11 მ) არიან მოქცეული, რომელიც რამდენადმე სამხრეთ-ჩრდილოეთით არის წაგრძელებული. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ბაზილიკის შუა ეკლესიისაგან შემორჩენილია: ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილოეთ გვერდი, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები და სამხრეთ კედლის ნაწილი, ჩრდილოეთ ეკლესიიდან — დასავლეთ კედელი; სამხრეთ ეკლესია მთლიანად დანგრეულია.

შუა ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის შუაში ჩრდილო ეკლესიაში გასასვლელი კარია გაჭრილი, ხოლო სამხრეთ კედლის შემორჩენილ ნაწილში ვიწრო და დაბალი სარკმელი.

ჩრდილოეთიდან მიშენებული სამლოცველოდან მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილია შემორჩენილი. დასავლეთიდან იგი მოზღუდულია მოგვიანებით, გრძივ კედლებს შორის ჩაშენებული კედლით, რომელშიც მოწყობილია ვიწრო და მაღალი სწორკუთხა შესასვლელი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ნალისებრთაღიანი სარკმელია, რომლის ჩრდილოეთით განიერი და ღრმა ნიშია. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომლის ნახევარწრიული თაღის ქუსლებთან თაროსებრი იმპოსტებია გამოყოფილი. სამხრეთ კედელში (აფსიდის მხართან) ვიწრო და მაღალი ნიშია. კამარა ცილინდრული ფორმისაა.

შუა ეკლესიას სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე მიშენებული აქვს ორ დამოუკიდებელ ნაწილად გაყოფილი სათავსი. სათავსის აღმოსავლეთ ნაწილს ნახევარწრიული ფორმის ღრმა აფსიდი მოიცავს, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს (აფსიდის ბოლოებთან) თითო ფართო და მაღალი თაღოვანი გასასვლელია, მათგან ჩრდილოეთის შუა ეკლესიის საკურთხეველში გადის, ხოლო სამხრეთისა სამხრეთიდან მიშენებული ნაგებობის აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილ პატარა ოთახში. აფსიდი გადახურულია საკმაოდ ტლანქი კონქით, რომლის ზემოთ დამატებითი სართული ყოფილა (შემორჩენილია კედლების ფრაგმენტები). სათავსის დასავლეთ ნაწილი მთლიანად დანგრეულია და ნანგრევებით არის ამოვსებული.

სათავსზე სამხრეთიდან მიშენებული ნაგებობა (შემორჩენილია მცირე ნაწილი) ვიწრო და გრძელი დერეფანია. განივი კედლით იგი ორ ნაწილად არის გაყოფილი. აღმოსავლეთ ნაწილი აფსიდიანია. მასში შესასვლელი დასავლეთიდანაა (შემორჩენილია წირთხლების ნაწილი). შესასვლელი ნავს დასავლეთ ნაწილის სამხრეთ კედელში ჰქონია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება