ზემო ალვანის იახსრის ეკლესია
ზემო ალვანის იახსრის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში. დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 3,5 კილომეტრზე, ტყიანი მთის თხემზე. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს.
ეკლესია სამეკლესიანი ბაზილიკაა. ნაგებია საშუალო და მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. შიგნით კედლები მობათქაშებულია. შენობის გეგმის სწორკუთხედში (8,2 X 6,1 მ), რომელიც რამდენადმე სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული, სამი დამოუკიდებელი ეკლესიაა მოქცეული. მოგვიანებით (გვიანდელ შუა საუკუნეებში) ბაზილიკაზე დასავლეთიდან, საკმაოდ მოზრდილი ორსართულიანი ნაგებობა მიუშენებიათ, რომელიც მთლიანად ფარავს შუა და სამხრეთ ეკლესიის ფასადებს, ჩრდილოეთ ეკლესიის ფასადის ნახევარს და სამხრეთ ეკლესიის სამხრეთ ფასადის დასავლეთ ნაწილს.
ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია შუა ეკლესიის კონქი და კამარა. ფასადებზე ჩამოშლილია საპირე წყობა. დანგრეულია დასავლეთ მინაშენის მეორე სართულის კედლები.
შუა ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი ფორმის აფსიდით, რომლის ღერძზე ბრტყლად გადახურული სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. აფსიდის მხრები შირიმის თაროსებრი კაპიტელებითაა დასრულებული, რომლებსაც კონქის თაღი ეყრდნობოდა (დანგრეულია). შუა ეკლესია გვერდის ეკლესიებს უკავშირდებოდა გრძივ კედლებში გაჭრილი თითო თაღოვანი კარით. ჩრდილოეთ კარი ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კიდეშია გაჭრილი, ხოლო სამხრეთისა - კედლის შუა ნაწილში. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში სწორკუთხა ნიშია, რომელშიც ჩრდილოეთ ეკლესიაში გამავალი ხვრელია.
სამხრეთ ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, რომელსაც საფეხურებიანი რაფა აქვს. შიგნით ეკლესია გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომლის ჩრდილოეთ ქუსლი შუა ეკლესიის სამხრეთ კედელზე მიშენებულ ორ თაღს ეყრდნობა. თაღებს შორის სწორკუთხა ბურჯია. აღმოსავლეთ თაღი ყრუა, დასავლეთისაში - შუა ეკლესიაში გამავალი კარია მოქცეული. დასავლეთ მინაშენში გამავალი კარი დასავლეთ კედელშია გაჭრილი.
ჩრდილოეთ ეკლესიას აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდი აქვს. აფსიდის ღერძზე მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია. სარკმლის მარჯვნივ - პატარა სწორკუთხა ნიში, ხოლო ქვემოთ, კედელზე, ქვით ნაწყობი ტრაპეზია მიდგმული. ეკლესიის ნახევარწრიული კამარა ჩრდილოეთით კედელს ეყრდნობა, სამხრეთით - სწორკუთხა ბურჯზე დაყრდნობილ, ორი ფართო თაღით შექმნილ გრძივ საყრდენს. დასავლეთის თაღის არეში, შუა ეკლესიიდან თაღოვანი კარი გამოდის. ეკლესიას ნატეხი ქვით ნაწყობი ლავგარდანი ჰქონია (ნაწილები შემორჩენილია მხოლოდ გვერდის ეკლესიებზე). ბაზილიკის დასავლეთის მინაშენი გეგმით მრუდხაზოვანია, ნაშენია ნატეხი ქვით. პირველ სართულზე შესასვლელი სამხრეთ ეკლესიიდანაა. სართული განათებული იყო სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით გაჭრილი მცირე ზომის სწორკუთხა სარკმლით. მეორე სართულზე (დანგრეულია) ასასვლელი კიბე მინაშენზე ჩრდილოეთიდან მიდგმულ კონტრფორსისმაგვარ ნაწილშია მოწყობილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 102.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზემო ალვანის იახსრის ეკლესია დაარქივებული 2013-11-13 საიტზე Wayback Machine. dzeglebi.com-ზე