ზეთის კურთხევაახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოთაგან ერთ-ერთი, რომლის დროსაც ღვთისმსახურის ხილული ქმედებით სრულდება საიდუმლოს უხილავი მადლი. მოციქულთა წერილების თანახმად ზეთის კურთხევა დაწესებულია უფალ იესო ქრისტეს მიერ.

საიდუმლოს არსი

რედაქტირება

ამ საიდუმლოს არსია განკურნოს ქრისტიანი ადამიანი ხორციელი უძლურებებისა და ავადმყოფობებისაგან, ასევე სულიერი ავადმყოფობისაგან ე.ი. ცოდვებისაგან, სინანულის ანუ მონანიების საიდუმლო მსგავსად. ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულების დროს, ღვთისმსახური სხეულზე ზეთის წაცხებისას მოუხმობს ავადმყოფზე ღმერთის კურთხევას, სულის და ხორცის განსაკურნავად.

მართლმადიდებლური სწავლება

რედაქტირება

წმიდა მოციქული იაკობი ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესახებ ქრისტიანებს ასწავლიდა შემდეგს:

„სჭირდეს თუ ვისმე თქვენგანსა, ილოცევდინ, მოლხინე თუ ვინმე არს, გალობდინ, უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან, დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მოვე-ეტეოს მას.“ (მოციქული იაკობი 5, 13-15)

წესი ზეთის ცხებისა

რედაქტირება

ზეთის კურთხევის საიდუმლო სრულდება შემდეგნაირად: მაგიდაზე დაასვენებენ ჯვარს და სახარებას, დადგამენ ჭურჭელს ხორბლით, რომელშიაც ჩადგამენ მეორე მომცრო ჭურჭელს ღვინო შერეული ზეთით. ღვინო წითელი უნდა იყოს. ხორბალში ჩაარჭობენ შვიდ ღერ თაფლის წმიდა სანთელს და შვიდ ჩხირს, თითოეულ თავზე ბამბა შემოხვეულს.
ღვთისმსახური კითხულობს ლოცვებს ზეთის კურთხევაზე და ავადმყოფის განკურნებაზე. წაიკითხავენ შვიდ თავს სამოციქულოს და შვიდ თავს სახარებას. მღვდელი ნაკურთხ ზეთს შვიდჯერ სცხებს ჯვარის გამოსახვით ავადმყოფს შუბლზე, ლოყებზე, ხელებზე და გულზე; შესთხოვს ღმერთს, როგორც სულისა და ხორცის მკურნალს, რომ მან (ღმერთმა) განკურნოს მონა/მხევალი თვისი (სახელი) სულიერი და ხორციელი სნეულებებისაგან. ბოლოს მღვდელი გაშლის სახარებას, დაადებს ავადმყოფს თავზე და შესთხოვს ღმერთს, მიუტევოს ავადმყოფს ყოველივე შეცოდებანი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 126, ISBN 978-9941-0-0902-0.
  • საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1980 (გვ. 360-366., საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, თბილისი, 1980)
  • საღვთო სჯული, არქიმანდრიტი ნესტორ ყუბანეიშვილი, ქუთაისი, 1916 წ.