ტორტი ზახერი (გერმ. Sachertorte) — ავსტრიული შოკოლადის ტორტი, რომელიც 1832 წელს გამოიგონა ფრანც ზახერმა პრინცი მეტერნიხის დაკვეთით. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვენური და ზოგადად, ავსტრიული დესერტია. აღსანიშნავია ისიც, რომ 5 დეკემბერი აშშ-ში ზახერტორტის ეროვნულ დღედაა გამოცხადებული.

ზახერის ტორტი

'ტორტი სასტუმრო „ზახერიდან“, ვენა
ტიპი ტორტი
წარმოშობის ადგილი ავსტრია
რეგიონი ვენა
შემქმნელი ფრანც ზახერი
მთავარი
ინგრედიენტები
შოკოლადის ბისკვიტი, გარგრის ჯემი, შავი შოკოლადის სარკალა
 
ფრანც ზახერი

ედუარდ ზახერის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტორტი ზახერი მამამისმა, ფრანც ზახერმა მაშინ გამოიგონა, როდესაც იგი პრინც კლემენს ვენცელ ლოთარ მეტერნიხთან მუშაობდა სტაჟიორ მზარეულად. ისტორიის თანახმად, როდესაც მთავარი მზარეული ცუდად გახდა, პრინცმა ზახერს მისცა მისი თანამდებობა და დაავალა, რომ ახალი ნამცხვარი შეექმნა. ამბობენ იმასაც, რომ ტორტი ფრანცმა თავისი სურვილით გამოიგონა და ედუარდ ზახერმა პრინცი მეტერნიხი ისტორიაში გამოიგონა, რადგან მის დროს ავსტრიაში მონარქია ახალი დამხობილი იყო და იგი ამ გზით მიზნად ისახავდა მონარქიული პერიოდის ნოსტალგიის გაღვივებას.

მიუხედავად ყველაფრისა, ზახერტორტი პოპულარული გახდა როგორც ავსტრიაში, ისე დანარჩენ მსოფლიოში.

 
ზახერტორტი ბუდაპეშტიდან

ვარიაციები

რედაქტირება

ორიგინალ ზახერ ტორტს შოკოლადისა და ნაღების ფენებს შორის აქვს გარგრის ჯემის ორი ფენა, მაშინ, როცა დემელის გამოგონებულ „ედუარდ ზახერის ტორტს“ მხოლოდ ერთი ფენა აქვს. აღსანიშნავია, რომ მასთან შედარებით დემელის ტორტი უფრო გლუვი და მკვრივია.

მისი პოპულარობიდან გამომდინარე, დღეისათვის ზახერ ტორტის უამრავი ვარიაცია არსებობს, მაგალითად, 2003 წელს, როდესაც გრაცი ევროპის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა, ამ ამბის აღსანიშნავ ფესტივალზე წარდგენილი იყო ზახერ-მაზოხ ტორტი, რომელსაც სახელი მისივე შემქმნელის, ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხის პატივსაცემად დაერქვა. ტრადიციულისაგან განსხვავებით ზახერ-მაზოხი წითელი მოცხარის მურაბისა და მარციპანების გამოყენებით მზადდება.

ზახერტორტის წარმოება და გაყიდვა

რედაქტირება
 
გასაყიდ დახლზე გამოტანილი ზახერტორტები შვარცენბერგის კაფეში

სასტუმრო ზახერში იყიდება „ორიგინალი ზახერ ტორტი“, რომლის ფილიალებიც მდებარეობს ვენაში, ზალცბურგში, ინსბრუკსა და გრაცში, გარდა ამისა, იგი ასევე გვხვდება კაფე ზახერსა და ბოლცანოში მდებარე „ზახერ შოპში“. ასევე ვხვდებით სასტუმრო ზახერის ონლაინ მაღაზიაშიც.

ფრანც ზახერის მიერ შექმნილი ტორტის პირველად რეცეპტს სასტუმრო ზახერის ადმინისტრაცია დღემდე გულმოდგინედ იცავს და არ ასაჯაროვებს. მართალია, მისი რეცეპტი ასე თუ ისე, მაინც ცნობილია, თუმცა საიდუმლო ინგრედიენტის მცოდნენი ირწმუნებიან, რომ ზახერტორტის მთავარი საიდუმლო არა მის ძირითად ინგრედიენტებში, არამედ მისთვის მოსამზადებელ შოკოლადშია. როგორც ფართო მასებისთვისაა ცნობილი, ზახერტორტისთვის საჭიროა სამი სპეციალური სახის შოკოლადის შერევა, რომელსაც მათი დაკვეთით, ასევე გასაიდუმლოებულად აწარმოებს სპეციალური ქარხანა, რომელსაც იგი პირდაპირ ავსტრიაში, სასტუმრო ზახერში მიაქვთ ქალაქ ლიუბეკიდან, ბელგიიდან.

სასტუმრო ზახერი დღემდე ცდილობს, რომ ორიგინალი ზახერტორტი სხვებისაგან განსხვავებულად დარჩეს. ეს მათ მომსახურებაზეც კი აისახება, რადგან მათ ზახერტორტი სპეციალური ყუთით მიაქვთ, რომელიც მზადდება სპეციალური ხისგან, აქვს მოოქროვილი კუთხეები და თავად ტორტი შეფუთულია ბორდოდან ჩამოტანილი ბიედერმიეს წითელ ქაღალდში.

მართალია ზახერის სასტუმრო მაინც ინარჩუნებს ტორტის ორიგინალურობას, თუმცა სხვა მწარმოებლებიც აქტიურად განაგრძობენ მისი ვარიაციების გაყიდვას. 1934 წელს დემელმა გახსნა საკონდიტრო „ედუარდ ზახერის ტორტი“, რის გამოც გახდა სასტუმრო ზახერის ადმინისტრაცია იძულებული, რომ თავიანთი პროდუქტისთვის „ორიგინალი ზახერ ტორტი“ ეწოდებინათ. სასტუმროს მეპატრონეებმა მალევე უჩივლეს დემელს სავაჭრო ნიშნის დარღვევისთვის და 1938 წელს გაიმარჯვეს კიდეც. სასამართლომ საბოლოოდ სასტუმრო ზახერს მიანიჭა ტორტის გაყიდვის ექსკლუზიური უფლება და ასევე დართო ნება, რომ მისთვის „ორიგინალი“ ეწოდებინათ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Michael Krondl, Sweet Invention: A History of Dessert, ISBN 1569769540, 2011, p. 290: "my best guess is that the Metternich creation story originates with Eduard Sacher"
  • Original Sachertorte (German) Archived 13 April 2013 at the Wayback Machine
  • Michael Krondl, "Sachertorte", The Oxford Companion to Sugar and Sweets, ISBN 019931361X, p. 589
  • "National Sacher Torte Day". nationaldaycalendar. Retrieved 1 July 2018.
  • "Celebrating The Sacher Torte". The Forward. Retrieved 3 January 2020.