ზარზმის ივანე სულასძის წარწერა — ისტორიულ სამცხეში (ახლანდ. ადიგენის მუნიციპალიტეტი) მდებარე ზარზმის მონასტრის სამრეკლოს შესასვლელის თავზე ჩასმული, ქვის ფილაზე ამოკვეთილი ქართული ასომთავრული წარწერა. თარიღდება დაახლოებით 979 წლით.

დიდი ზომის (211 სმX100 სმ) ქვის ფილის ცენტრში გამოყვანილი იყო „აყვავებული ჯვრის“ რელიეფური გამოსახულება. წარწერა ამოკვეთილი იყო ჯვრის ორივე მხარეს ათ-ათ სტრიქონად. მოგვიანებით ფილა ხელმეორედ გამოუყენებიათ საშენ მასალად და მისი მარჯვენა მხარე ჩამოუჭრიათ. ამ ნაწილის ფრაგმენტი, წარწერის ნაწყვეტით, თავდაღმაა ჩასმული მონასტრის მთავარი ტაძრის (XIV საუკუნის) სამხრეთ კედელში. სამრეკლოს შესასვლელის თავზე ჩასმულ ფილაზე სრულადაა შერჩენილი წარწერის მარცხენა ნაწილი (10 სტრიქონი) და მარჯვენა ნაწილის სტრიქონთა დასაწყისი 4–7 ასოს ზომაზე. ადგილზე დარჩენილი და დიდი ტაძრის სამხრეთ კედელში ჩასმული ფრაგმენტები ტექსტის გადაშლისა და ნაკლულობის გამო ერთმანეთს არ ებმის. ამიტომ ტექსტის აღდგენა წარწერის მარჯვენა ნაწილში ვერ ხერხდება.

წარწერის ჩვენამდე მოღწეული ნაწილი ასე იკითხება:

 
„† სახელითა ღმრთისაჲთა და წმიდისა ღმრთისმშობელისა მეოხებითა მე, ივანე, ძემან სულაჲსმან, აღვაშენე წმიდაჲ ეგუტერი მას ჟამსა, ოდეს საბერძნეთს გადგა სკლიაროსი. დავით კურაპალატი ადიდენ ღმერთმან, უშუელა წმიდათა მეფეთა და ჩუენ ყოველნი ლაშქარს წარგუავლინნა. სკლიაროსი გავაქციეთ. მას ქუეყანასა, რომელსა ჰრქუიან ხარსანანი, ადგილსა, რომელსა ჰრქუიან სარვენისნი, მუნ ესვენა ტახტი...“

ისტორიული კონტექსტი

რედაქტირება

წარწერა ეკუთვნის ბიზანტიის კეისარ ბასილი II-ის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა სკლიაროსთან დავით III კურაპალატის მიერ 975 წელს საომრად გაგზავნილი ლაშქრის მონაწილეს — ივანე სულას ძეს. წერილობითი წყაროების მონაცემებით („სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება”, ათონის ივერთა მონასტრის სააღაპე წიგნი) იგი ჩორჩანელთა საგვარეულოს წარმომადგენელია.

ექვთიმე თაყაიშვილი თვლიდა, რომ ზარზმის წარწერაში ნახსენები ივანე სულას ძე და ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაგზავნილი ჯარის სარდალი — იოანე-თორნიკე ერთი და იგივე პირი უნდა ყოფილიყო. მეცნიერის აზრით, თორნიკეს ბერობის სახელი იოანე იგივე ივანეა, სულა კი თორნიკეს მამის — ჩორდვანელის მეორე სახელია. ეს სულა და ათონის ქართველთა მონასტრის იმავე დროის ერთ-ერთ აღაპში დასახელებული სულა (ფარსმანისა და ჩორჩანელის მამა) სხვადასხვა პირია. ორივე სულას სხვადასხვა დროის მოღვაწეებად მიიჩნევენ ნ. ბერძენიშვილი და ე. მეტრეველი. წარწერა, შინაარსობრივად და პალეოგრაფიული ნიშნებით, დაახლოებით 979 თარიღდება. იგი დოკუმენტურად ადასტურებს ქართველთა ლაშქრის მონაწილეობას ბასილი კეისრის დასახმარებლად X საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული წარწერების კორპუსი, [ტ.] 1 – აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V–X სს.), ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1980.
  • ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 1, ტფ., 1892.
  • ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრება. XIII–XVI სს., თბ., 1955.
  • მეტრეველი ე., ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ., 1998.