ზაგემის განძები
ზაგემის განძები — XVI-XVII საუკუნის მონეტების განძი, რომელიც აღმოჩენილია ზაგემის ნაქალაქარზე, სოფ. ალიაბადიდან (ზაქათალის რაიონი, აზერბაიჯანი) 7 კმ-ზე.
პირველი განძი XVII საუკუნის დასაწყისის ირანული ვერცხლის მონეტებისაგან შედგება. აღმოჩენილია 1969 წელს და მოთავსებული იყო თიხის ხელადაში. შეიცავს 195 მონეტას (168 აბაზიანი, 22 ორშაურიანი, 5 შაურიანი), რომლებიც მოჭრილია ირანის შაჰის აბას I-ის სახელით სხვადასხვა ზარაფხანაში (არდებილი, განჯა, დაურაყი, ერევანი, თავრიზი, თეირანი, ორდუ, რამჰორმზი, რეშთი, შუსთარი, ჰოვეიზა), ხოლო 2 მონეტა თბილისშია მოჭრილი, 7 კი – კახეთის ქ. ზაგემის ზარაფხანაში. განძის ყველაზე ადრეული მონეტა თარიღდება 1602 წლით, უგვიანესი – 1615 წლით. განძი დაფლული უნდა იყოს 1616 წელს აბას I-ის მიერ კახეთის აოხრების დროს, ქ. ზაგემის განადგურებისას. განძი დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
მეორე განძი 1982 ზაგემის ნაქალაქარის მიდამოებში აღმოჩნდა, რომელიც შეიცავდა 1921 ცალ ვერცხლის მონეტას. მათი უმეტესობა მოჭრილია შემახაში, 1 მონეტა – სეფიანი შაჰის ისმაილ I სახელით ჰიჯრის 928 წელს (1521–1522 წწ.). ზოგიერთ მონეტაზე იკითხება თარიღები. ერთ-ერთ მონეტაზე იკითხება შაჰ-თამაზ I-ის სახელი. განძი დაფლული უნდა იყოს XVI საუკუნის შუა ხანებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 296-297.
- ქუთელია თ.,„ზაგემში მოჭრილი მონეტები“, ჟურ. მაცნე, ისტორიის სერია, №. 4 თბილისი: მეცნიერება, 1972 წელი. — გვ. 133-143