ვლადიმირ ილიუხინი

ვლადიმირ ილიუხინი (დ. 1934 — გ. 19 აგვისტო, 1982, განთიადი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ყოფილი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საინჟინრო-გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის კარსტული კომისიის სამეცნიერო საბჭოს სპელეოლოგიური სექციის თავმჯდომარე.

1956 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კრისტალოგრაფიის ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1980 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში სექტორის გამგედ. ვლადიმირ ილიუხინის სახელს უკავშირდება საბჭოთა სპელეოლოგიის 70-იანი წლების თვალსაჩინო მიღწევები. თითქმის 25 წლის განმავლობაში მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით მიკვლეული და შესწავლილია რამდენიმე ათეული რთული კატეგორიის მღვიმე და უფსკრული ყოფილ სსრკ-ის სხვადასხვა კარსტულ რეგიონებში, მათ შორის ყირიმში, კავკასიაში და შუა აზიაში.

1982 წლის 18 აგვისტოს არაბიკის მასივზე, ერთ-ერთი მღვიმის შესასვლელთან მისი დაბადების 48-ე წლისთავი აღნიშნეს. მეორე დღეს გაგრაში, სოფელ განთიადთან მომხდარ ტრაგედიას მეცნიერის სიცოცხლე შეეწირა. ეს მღვიმე ამჟამად ვლადიმირ ილიუხინის სახელს ატარებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საყმაწვილო ენციკლოპედია, გვ. 33, თბ., 2008.