ვლადიმერ ნორაკიძე

ვლადიმერ გიორგის ძე ნორაკიძე (დ. 30 მარტი, 1905 — გ. 1993) — ქართველი ფსიქოლოგი. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1953), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1927). 1930-1939 წლებში მუშაობდა თბილისის პედაგოგიკის კვლევითი ინსტიტუტის დეფექტოლოგიის სექტორის გამგედ; 1940-1953 წლებში — ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფსიქოლოგიის კათედრის გამგედ; 1941-1959 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1960-1973 წლებში — გენეტიკური ფსიქოლოგიის განყოფილების გამგედ; 1974 წლიდან გარდაცვალებამდე — პიროვნების ფსიქოლოგიის განყოფილების გამგედ.

ნორაკიძეს მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულებებია: პიროვნების, ხელოვნების, დეფექტოლოგიისა და სპორტის ფსიქოლოგიის პრობლემები. მისი რედაქტორობით გამოიცა კრებული: „ბავშვის ფსიქიოლოგია“ (3 ტომად, 1964-1975). ავტორია წიგნებისა: „ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი ყრუ-მუნჯთა სკოლისათვის“ (1941, პ. ჭანიშვილთან ერთად); „სპორტის ზოგადი ფსიქოლოგია“ (1951, 1957, 1959, 1967); „პიროვნების ტემპერამენტი და ფიქსირებული განწყობა“ (1963); „ხასიათის ფსიქოლოგია და მხატვრული ლიტერატურა“ (1972); „პიროვნების ხასიათის კვლევის მეთოდები“ (1981); „პიროვნების განწყობის სტრუქტურის კვლევის კლინიკურ-ბიოგრაფიული მეთოდი“ (ა. გრიგოლავას თანაავტორობით, 1984) და სხვ.

ლიტერატურა რედაქტირება