ვლადიმერ ვექსლერი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვლადიმერ ვექსლერი (რუს. Влади́мир Ио́сифович Ве́кслер; დ. 4 მარტი, 1907, ჟიტომირი — გ. 22 სექტემბერი, 1966, მოსკოვი) — საბჭოთა ფიზიკოსი, ბირთვული ფიზიკის ორგანიზატორი, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, მისი პრეზიდიუმის წევრი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, ბირთვული გამოკვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის მაღალი ენერგიების ლაბორატორიის მეცნიერული ხელმძღვანელი, ლენინური და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ლენინის სამგზის ორდენოსანი, შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, მრავალი მედლის მფლობელი, საერთაშორისო პრემიის „ატომი მშვიდობისთვის“ ლაურეატი, ჟურნალ „ბირთვული ფიზიკის“ დამაარსებელი და მისი უცვლელი რედაქტორი, მოსკოვის უნივერსიტეტის კათედრის გამგე, სკკპ წევრი 1937 წლიდან.

ვლადიმერ ვექსლერი
დაბ. თარიღი 19 თებერვალი (4 მარტი), 1907
დაბ. ადგილი ჟიტომირი, ვოლინის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 22 სექტემბერი, 1966(1966-09-22)[1] [2] (59 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[1]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა ფიზიკოსი და ბირთვული ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი და ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი
ალმა-მატერი მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე Q97317054?
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, მშვიდობიანი ატომის ჯილდო, ლენინური პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვლადიმერ იოსების ძე ვექსლერი დაიბადა 1907 წლის 4 მარტს ქალაქ ჟიტომირში. 7 წლის ვლადიმერი მამით დაობლდა, ხოლო 14 წლიდან 18 წლის ასაკამდე იზრდებოდა მოსკოვის კომინტერნის სახელობის საკავშირო სახლში. 19 წლისამ დაიწყო მუშაობა ქარხანაში ელექტრომონტიორად. ორი წლის შემდეგ შევიდა მოსკოვის პლეხანოვის სახელობის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტში. მისი დამთავრება ვექსლერს არ დასცალდა, იგი მესამე კურსზე იყო, როდესაც მოხდა ამ ინსტიტუტის რეორგანიზაცია, რის გამოც ვექსლერმა საკავშირო ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა უმცროს ლაბორანტად. პარალელურად დაუსწრებლად სწავლობდა მოსკოვის ენერგეტიკულ ინსტიტუტში, რომელიც ექსტერნის წესით 1931 წელს დაამთავრა. ჯერ კიდევ ბავშვობიდან იი თვითგანათლებას ეწეოდა ფიზიკაში. სიცოცხლის უკანასკნელი დღის ჩათვლით, ვექსლერი ნიადაგ თეორიულ ფიზიკას სწავლობდა, ადგენდა კონსპექტებს, ურთიერთობაში იყო გამოჩენილ ფიზიკოსებთან, ყოველდღიურად იმაღლებდა კვალიფიკაციას მეცნიერების იმ დიდ დარგში, რასაც ფიზიკა ეწოდება.

ვლადიმერ ვექსლერის შრომები

რედაქტირება

პირველი მეცნიერული შრომა ვექსლერმა რენტგენის სხივების ინტენსივობის შესწავლას მიუძღვნა. ამ მიზნით მან საკუთარი ხელსაწყოები და გაზომვის მეთოდები შექმნა. შემდეგი შრომებით კი მაიონიზირებული გამოსხივება შეისწავლა. ვექსლერმა დაკვირვების საკუთარი მეთოდები შექმნა. ამ შრომათა შედეგად ვექსლერმა ნ. დობროტინისა და ლ. გროშევის თანაავტორობით1940 წელს გამოაქვეყნა ვრცელი მონოგრაფია „ბირთვული ფიზიკის ექსპერიმენტული მეთოდები“. 1937 წელს ვექსლერი სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში ჩაირიცხა დოქტორანტად. იქ მისი ხელძღვანელობა თავის თავზე აიღო გამოჩენილმა საბჭოთა ფიზიკოსმა დ. სკობელცინმა. ფიზიკის ყოველი დარგის ყოველ საკითხს მთელი კო;ლექტივი ერთდროულად იხილავდა. ეს გარემოება ახალგაზრდა ფიზიკოსებს ფიზიკის ყოველი მიმართულებით ავითარებდა. ამ გარემოებამაც შეუწყო ხელი ვექსლერს, რომ განათლებით ინჟინერი გამოჩენილი ფიზიკოსი გამხდარიყო.

1937-1947 წლებში ვექსლერი ძირითადად კოსმოსური სხივების შესწავლაზე მუშაობდა. იალბუზზე მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ ექსპედიციებში, 1937-1940 წლებში, ვექსლერმა გამოიყენა პროპორციული მთვლელები და შეისწავლა კოსმოსური სხივების მძმე ნაწილაკები, რომელიც ძლიერ იონიხაციას იწვევდა. ამ შრომებით ვექსლერმა უკუაგდო ის მოსაზრება, რომლის მიხედვით კოსმოსური სხივების ნივთიერებაში შემღწევი შემადგენელი პროტონებია.

1941-1947 წლების დიდი სამამულო ომის პერიოდში ვექსლერი თავდაცვითი მნიშვნელობის საკითხებზე მუშაობდა. 1944 წელს ვექსლერმა განაახლა კოსმოსური სხივების შესწავლა, ამჯერად პამირზე, 4000 მეტრ სიმაღლეზე თავის თანამშრომლებთან ერთად შეისწავლა მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკებით გამოწვეული ბირთვული პროცესები. ამ ექსპედიციის მნიშვნელოვანი შედეგი გამოიხატა ღვარების ახალი ტიპის - ელექტრონულ-ბირთვული ღვარების აღმოჩენაში, გამოირკვა, რომ ამ ღვარებში მეორადი ბირთველ-აქტიური ნაწილაკების გვერდით წარმოიშობა ელექტრონებიც. ამ შედეგების მეოხებით კოსმოსური სხივების ფიზიკაში ახალი მიმართულება აღმოცენდა. ყოველი ახალი იდეა ვეასლერს სადისკუსიოდ თავის მოწაფეებთან გამოქონდა. სიამოვნებით პაექრობდა იგი ახალგაზრდა თეორიტიკოს-ფიზიკოსებთან. ამ კამათში ყოველი მათგანი იზრდებოდა. ახალ პრინციპზე დამყარებული პირველი ამაჩქარებელი ვექსლერმა 1944 წელს წამოაყენა. მას „მიკროტრონი“ ეწოდა.

უდიდესი მეცნიერული დამსახურების გარდა ვექსლერი დიდი ორგანიზატორიც იყო. მისი თაოსნობით და აქტიური მონაწილეობით ჩატარდა მთელი რიგი საერთაშორისო კონფერენციები მაღალი ენერგიის ფიზიკისა და ამაჩქარებლებზე.

ვლადიმერ ვექსლერი გარდაიცვალა 1966 წლის 22 სექტემბერს, 59 წლის ასაკში. მის არქივში მრავალი ხელნაწერია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, გვ., 556-562, თბ., 1973.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება