ვიშნი-ვოლოჩოკი
ვიშნი-ვოლოჩოკი[2] (რუს. Вышний Волочёк) — ქალაქი რუსეთში, ტვერის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში. ვიშნი-ვოლოჩოკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, წარმოქმნის საქალაქო ოკრუგს. ოლქის მნიშვნელოვანი კულტურული და სამრეწველო ცენტრი. მდებარეობს ვალდაის მაღლობის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირა მხარეს, ვიშნი-ვოლოჩოკის წყალსაცავის აღმოსავლეთ ნაპირზე, მდინარე ცნაზე. რკინიგზის სადგური; ქალაქზე გადის ფედერალური ავტოტრასა „როსია“ (მოსკოვი – ტვერი – სანქტ-პეტერბურგი).[3]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვიშნი-ვოლოჩოკი | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | ტვერის ოლქი | ||||
კოორდინატები | 57°35′28″ ჩ. გ. 34°33′52″ ა. გ. / 57.5912500° ჩ. გ. 34.5645306° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1437 | ||||
ფართობი | 54 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 160 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 45 830 (2021)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 48233 | ||||
საფოსტო ინდექსი | 171151–171168 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.v.volochekadm.ru | ||||
პირველად მოიხსენიება 1437 წელს როგორც სოფელი ვოლოჩოკი ტორჟოკსა და ნოვგოროდს შორის; მასზე ასევე გადიოდა ძველი სავაჭრო სანაოსნო გზა, აქ იყო ნავსათრევი მდინარეებს ცნასა და ტვერცას შორის. XV საუკუნის მე-2 ნახევარში აქ იყო იამი (მაშინდელი საფოსტო სადგური), XVI საუკუნის ბოლო მეოთხედში — პოგოსტი (ერთგვარი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული). XVII საუკუნის შუა ხანებში ვიშნი-ვოლოჩოკში მდებარეობდა პატრიარქ ნიკონის სასახლე. ვიშნი-ვოლოჩოკის საწყლოსნო სისტემის წყალობით, XVIII საუკუნეში სოფელი სწრაფად განვითარდა. 1770 წელს გამოცხადდა ნოვგოროდის გუბერნიის სამაზრო ქალაქად, 1775 წლიდან იყო ტვერის გუბერნიაში. XVIII საუკუნის შუა ხანებიდან ვიშნი-ვოლოჩოკში და მის შემოგარენში აშენდა სამხერხაოები, წისქვილები, სამჭედლოები; განვითარდა გემთმშენებლობა. მოსახლეობა ძირითადად დაკავებული იყო საწყლოსნო სისტემის გემების მომსახურებით. საფოსტო და სანაოსნო საქმე დაკნინდა ტვერი – ვიშნი-ვოლოჩოკის (1850) და კოლპინო – ვიშნი-ვოლოჩოკის (1851) სარკინიგზო ხაზების ამოქმედების შემდეგ, ასევე მარიას საწყლოსნო სისტემის მოდერნიზაციის შედეგად. 1857 წელს ქალაქის სიახლოვეს აშენდა ბამბის სართავი ფაბრიკა, რომელიც ეკუთვნოდა სავაჭრო სახლს „ა. შილოვი და ვაჟები“. 1869 წელს შეიძინა პ. რიაბუშინსკიმ, 1887 წლიდან კი ეკუთვნოდა მანუფაქტურების ამხანაგობას „პ. რიაბუშინსკი ვაჟებთან ერთად“. გახდა რიაბუშინსკების მთავარი საწარმო, რომელიც წელიწადში 3715 ათასი მანეთის პროდუქციას უშვებდა (1899; ახლანდ. „ვიშნევოლოცკი ტექსტილ“). XIX საუკუნის ბოლოს ქალაქში მუშაობდა 15 ფაბრიკა და ქარხანა (მ.შ. ტყავის, თუჯსასხმელი, აგურის). 1917 წლამდე პოლიტიკური გადასახლებების ადგილი იყო (აქ იხდიდნენ სასჯელს ვლადიმერ კოროლენკო, ვიქტორ ობნორსკი). 1929 წლიდან დასავლეთის ოლქის რაიონული ცენტრი იყო, 1935 წლიდან კალინინის ოლქშია (1990-დან ეწოდება ტვერის).[3]
მდინარე ცნის მარჯვენა ნაპირზე, გრანიტის რაბთან შემორჩენილია ქვის ორსართულიანი სახლი (1703–1719), სადაც მოსკოვიდან პეტერბურგში მიმავალი პეტრე I გაჩერდა; არხების სანაპიროები (XVIII ს.); ფერისცვალების ეკლესია (1783); სავაჭრო რიგები (1837, 1852), ნათლისღების ტაძარი (XIX ს.-ის II ნახევარი); ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა სამონასტრო კომპლექსი (1880-იანი წწ.). დგას ალექსი ვენეციანოვის ძეგლი (1980; მოქანდაკე ო. კომოვი).[3]
ქალაქში არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (1932), დრამატული თეატრი (1896). მუშაობს სხვადასხვა ფაბრიკა-ქარხანა (მანქანების ნაწილების, ავეჯის, მინის, ბამბეულის, ტრიკოტაჟის, პურის და სხვ.).[3]
ვიშნი-ვოლოჩოკიდან 25 კმ-ში მსტინოს ტბაზე მდებარეობს ხელოვანთა სახლი — ილია რეპინის სახელობის „აკადემიური აგარაკი“ (დაარსდა 1884 წელს, სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა საზაფხულო პრაქტიკისათვის; დგას რეპინის ძეგლი, 1974, მოქანდაკე ო. კომოვი).[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://rosstat.gov.ru/storage/mediabank/tab-5_VPN-2020.xlsx
- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 70.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Вышний Волочёк. Большая российская энциклопедия. Электронная версия (2018). ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2024