ვიქტორ ვილშაუ
ვიქტორ რობერტის ძე ვილშაუ (დ. 17 აპრილი, 1870, მოსკოვი, — გ. 11 აპრილი, 1937, თბილისი) — გერმანული წარმოშობის რუსი მევიოლინე, პედაგოგი. ძირითადად მოღვაწეობდა თბილისში.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (ი. გრჟიმალის სავიოლინო კლასი, 1886), შემდეგ სწავლობდა გერმანიაში (ჰ. პეტრისთან და ი. იოახიმთან). ერთხანს პედაგოგად მუშაობდა ტამბოვის სამუსიკო სასწავლებელში, 1898 წლიდან — თბილისის პირველ სამუსიკო სასწავლებელში. აქ მან ძლიერი სავიოლინო სკოლა შექმნა. მისი მოღვაწეობის წლებში საგრძნობლად გაიზარდა სასწავლებელში ვიოლინოს შემსწავლელთა რიცხვი. იგი მევიოლინეთა საუკეთესო კადრებს გზავნიდა პეტერბურგისა და მოსკოვის კონსერვატორიებში. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობასაც, გამოდიოდა სიმებიანი ანსამბლების შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა ქართული საზოგადოების მიერ გამართულ საქველმოქმედო საღამოებში. 1917 წელს ვილშაუ აირჩიეს ახალშექმნილი თბილისის კონსერვატორიის პროფესორად. მისი მოწაფეთა შორის იყვნენ: თამარ ძნელაძე (პირველი ქართველი პროფესიონალი მევიოლინე ქალი), ლუარსაბ იაშვილი, ლევან შიუკაშვილი. მისი ძმა, პიანისტი და პედაგოგი ვლადიმერ ვილშაუ (დ. 1868 — გ. 1957) მოღვაწეობდა მოსკოვში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015. — გვ. 176.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიქტორ ვილშაუ — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვიქტორ ვილშაუ — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)