ვილია-მისერია (ესპ. villa miseria „ღატაკი სოფელი"; პორტუგ. ფაველას ვარიანტი) — უკანონო დასახლებები არგენტინაში, გაშენებული ძირითადად უდიდესი ქალაქების ირგვლივ. ტერმინი მიღებულია ორი ესპანური სიტყვით: villa „სოფელი, მცირე დაბა", და miseria „უკიდურესი სიღატაკე". ტერმინი ნასესხებია ბერნარდო ვერბიცკის 1957 წლის რომანიდან „Villa Miseria también es América“ („ღატაკი სოფელიც ამერიკაა“).

ვილია-მისერია როსარიოში, არგენტინა.

ეს დასახლებები შედგება მცირე სახლებისა და ქოხებისგან, რომლებიც თუნუქით, ფიცრით და ან სხვა მასალით არის ნაგები (რისი პოვნაც შეიძლება). ქუჩები, როგორც წესი, მოუკირწყლავია და ძირითადად ვიწრო ორღობეებისგან შედგება. ვილა მიზერიაში არ არის კანალიზაცია, თუმცა შესაძლოა იყოს მანამდე არსებული წყალგაყვანილობა (რომლის ირგვლივაც დასახლება გაჩნდა). ელექტრობა ხშირად გადმოყვანილია არალეგალური გადაერთებებით (რაზეც ქრთამის წყალობით თვალს ხუჭავენ ელექტროკომპანიების თანამშრომლები).

ეს სოფლები ზომით შეიძლება რამდენიმე ქოხისგან შედგებოდეს ქალაქის შიგნით, ან მის გარეთ ათასობით მოსახლისგან შემდგარი ორგანიზებული უბანი იყოს. ასეთი სოფლები არსებობს ბუენოს-აირესის, როსარიოს, კორდოვისა და მენდოსას ფარგლებში, ასევე სხვა ქალაქებშიც. XXI საუკუნის დასაწყისისთვის ეს უბნები ამ ქალაქების შესამჩნევად დიდ ნაწილს შეადგენდა.

ამ დასახლებებს სხვაგვარად ასევე უწოდებენ asentamientos irregulares („უკანონო დასახლებები“) ან villas de emergencia („სასწრაფო სოფლები“). არგენტინის უმეტესობაში ცალკე სიტყვა villa როგორც წესი ვილა მიზერიას გულისხმობს.

ვილიაში სხვადასხვა წარმომავლობის ხალხი იყრის თავს. მათი უმრავლეოსობა მიგრანტია, ღარიბი პროვინციებიდან ან ქალაქის ახლომახლო მდებარე გაღატაკებული სოფლებიდან, განსაკუთრებით პერონის პირველი მთავრობის პერიოდში. მცირე ნაწილი ახალი იმიგრანტები არიან მეზობელი ქვეყნებიდან (განსაკუთრებით პარაგვაი და ბოლო დროს ბოლივია). სხვები ადგილობრივი მოქალაქეები არიან, რომლების ბოლოდროინდელი ეკონომიკური კრიზისის მსხვერპლნი გახდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალი ამ დასახლებებში მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე მდიდარ უბნებში, მისი შედარება ბრაზილიურ ფაველებთან არ შეიძლება. აქ არ არსებობს ორგანიზებული კრიმინალური შეტაკებები და ქუჩის ბრძოლები. თუმცა მრავალი მოქალაქე ვილია-მისერიას მცირე ქურდბაცაცების თავშესაფრად მიიჩნევს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება