ფაველა (პორტ. favela) — ბრაზილიის ქალაქების უღარიბესი რაიონები (უბნები). ამ უბნებში არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, კანალიზაცია, და მაღალია კრიმინალის დონე. უმრავლესობას აქვს ელექტროენერგია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს არალეგალურად არის გადმოყვანილი საქალაქო ქსელიდან. ფაველები შენდება სხვადასხვა ნაპოვნი მასალისგან, აგურით დაწყებული და ნაგვით დამთავრებული. სახლები ფაველებში ერთმანეთთან ძალიან ახლოს ან ერთმანეთზეა ნაგები. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ყველაზე ცნობილი ფაველა რიო-დე-ჟანეიროსა და სან-პაოლოს ირგვლივაა, ფაველები არსებობს თითქმის ყველა დიდი თუ საშუალო ზომის ბრაზილიურ ქალაქში. 2010 წლის მონაცემებით, რიოში ყოველი მეხუთე კარიოკა (რიოს მცხოვრები) ფაველაში ცხოვრობს[1].

როსინია — რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთი უდიდესი ფაველა

სახელი მომდინარეობს მცენარის სახეობიდან, რომელსაც ეკლიანი ფოთლები აქვს და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში იზრდება. ლტოლვილები და ყოფილი მეომრები, რომლებიც ბაიაში კანუდოსის სამოქალაქო ომში მონაწილეობდნენ (1895-1896) რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ გორაკზე დასახლდნენ (სახ. მორო-და-პროვიდენსია) უპატრონო მიწაზე, ვინაიდან მთავრობამ მათთვის ბინების გამოყოფა ვერ უზრუნველყო. ყოფილმა ჯარისკაცებმა მათ ახალ დასახლებას "მორო-და-ფაველა" დაარქვეს, იმ მცენარის სახელზე, რომელიც აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში მათი განთქმული გამარჯვების ადგილას იზრდებოდა.

წლების განმავლობაში ამ უბანში მრავალი გათავისუფლებული შავკანიანი მონა დასახლდა, შეცვალეს რა ლტოლვილები როგორც ძირითადი ეთნიკური ჯგუფი. ამავე პერიოდში ღარიბ შავკანიანებს ქალაქის შიდა უბნებიდან დევნიდნენ და ისინიც იძულებულ იყვნენ ფაველებში დასახლებულიყვნენ. ფაველები მოხერხებული იყო მათთვის, ვინაიდან ეს უბნები მათი სამუშაოდან შორს არ იყო და ასევე უხიფათო თავშესაფარს წარმოადგენდა მდევნელთაგან.

  1. Bewaffneter Friede. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-22. ციტირების თარიღი: 2015-02-09.
 
როსინიას ფაველას პანორამული ხედი