ვილემ II ორანელი (ნიდერლ. Willem II van Oranje; დ. 27 მაისი, 1626, ჰააგა, ნიდერლანდები — გ. 6 ნოემბერი, 1650, ჰააგა, ნიდერლანდები) — ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. ორანის პრინცი 1647-1650 წლებში. ფრედერიკ ჰენდრიკ ორანელისა და ამალია ფონ სოლმს-ბრაუნფელზის ვაჟი. ცოლად შეირთო ინგლისის მეფე ჩარლზ I-ის ასული მერი სტიუარტი, რომელთანაც შეეძინა ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მომავალი მეფე უილიამ III.

ვილემ II ორანელი
ორანის პრინცი
მმართ. დასაწყისი: 14 მარტი, 1647
მმართ. დასასრული: 6 ნოემბერი, 1650
წინამორბედი: ფრედერიკ ჰენდრიკი
მემკვიდრე: ვილემ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 მაისი, 1626
დაბ. ადგილი: ჰააგა, გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა
გარდ. თარიღი: 6 ნოემბერი, 1650, (24 წლის)
გარდ. ადგილი: ჰააგა, გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა
მეუღლე: მერი სტიუარტი
შვილები: უილიამ III, ინგლისის მეფე
დინასტია: ორან-ნასაუ
მამა: ფრედერიკ ჰენდრიკი, ორანის პრინცი
დედა: ამალია ფონ სოლმს-ბრაუნფელზი
რელიგია: კალვინიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვილემი დაიბადა 1626 წლის 27 მაისს ჰააგაში. იგი იყო ორანის პრინც ფრედერიკ ჰენდრიკ ორანელისა და მისი მეუღლის, ამალია ფონ სოლმს-ბრაუნფელზის პირველი შვილი ცხრიდან. მას სახელი პაპის, პრინც ვილემ ორანელის პატივსაცემად დაარქვეს.

1641 წლის 2 მაისს, ვილემი დააქორწინეს მერი სტიუარტზე, რომელიც იყო ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჩარლზ I-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ის ნაბოლარა ასულ ანრიეტა მარია ფრანგის უფროსი ქალიშვილი. ქორწინება ლონდონში, უინთერჰოლის სასახლეში შედგა. ამ დროს ვილემი თხუთმეტი წლის იყო, ხოლო მერი ცხრის.

1647 წლის 14 მარტს ვილემის მამა, ფრედერიკ ჰენდრიკ ორანელი გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მან დაიკავა ვილემ II-ის სახელით. გარდა ამისა, იგი ასევე ატარებდა ბრედას ბარონისა და ჰოლანდიის, ზელანდიის, უტრეხტის, გელდერნისა და ოვერიხლესის შტატჰალტერის წოდებას.

ამ დროისათვის ნიდერლანდები ესპანეთთან ოთხმოწლიან ომში იყო ჩაბმული, რაც ნიდერლანდების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ნიშნავდა.

1648 წელს ვილემ II-მ ესპანეთის მეფე ფილიპე IV-თან გააფორმა მიუნსტერის ხელშეკრულება, რითაც ესპანეთმა ოფიციალურად ცნო ჩრდილოეთი ნიდერლანდების გამოყოფა და აქ გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკის არსებობა, სათავეში ვილემ II-ით. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ესპანურ ნიდერლანდებს ექვსი პროვინცია გამოეყო.

პარალელურად, ვილემმა საფრანგეთთან საიდუმლო მოლაპარაკებები წამოიწყო ესპანეთთან ომის დაწყებისა და ესპანური ნიდერლანდების გადანაწილების თაობაზე. ამასთან ერთად იგი ასევე მალულად ეხმარებოდა დევნილობაში მყოფ თავის ცოლისძმას, შოტლანდიის მეფე ჩარლზ II-ს.

1650 წლის 6 ნოემბერს, 24 წლის ვილემ II ყვავილით გარდაიცვალა. მოგვიანებით, ათ წელიწადში იგივე დაავადებით გარდაიცვალა მისი ქვრივი, მერი სტიუარტიც, რომელიც მეორედ აღარ გათხოვილა. მერისა და ვილემს მხოლოდ ერთი ვაჟი, ვილემ III დარჩათ, რომელმაც მოგვიანებით თავის ბიძაშვილზე, ინგლისის დედოფალ მერი II-ზე იქორწინა და ინგლისის მეფე გახდა უილიამ III-ის სახელით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Herbert H. Rowen, The princes of Orange: the stadholders in the Dutch Republic. Cambridge and New York: Cambridge University Press, 1988.
  • Herbert H. Rowen, The princes of Orange: the stadholders in the Dutch Republic. Cambridge and New York: Cambridge University Press, 2003.
  • Herbert H. Rowen, "John de Witt, Grand Pensionary of Holland, 1625-1672". Princeton, N.J.: Princeton University Press, 1978.
  • Herbert H. Rowen, "John de Witt: Statesman of the "True Freedom"". Cambridge University Press, 2003.
  • Petrus Johannes Blok, "History of the people of the Netherlands". New York: G. P. Putnam's sons, 1898.
  • Pieter Geyl, "Orange and Stuart, 1641-1672". Scribner, 1970.
  • Jonathan I. Israel, "The Dutch Republic: Its Rise, Greatness, and Fall, 1477–1806" Oxford University Press, 1995. ISBN 0-19-820734-4
  • Russel Shorto. The Island at the Centre of the World. ISBN 0-552-99982-2
  • Rietstap, Johannes Baptist (2003). Armorial general. vol.2. Genealogical Publishing Co. p. 297. ISBN 0-8063-4811-9.