ფრედერიკ ჰენდრიკ ორანელი

ფრედერიკ ჰენდრიკ ორანელი (ნიდერლ. Frederik Hendrik van Oranje; დ. 29 იანვარი, 1584 — გ. 14 მარტი, 1647) — ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. ორანის პრინცი 1625-1647 წლებში. ვილემ ორანელისა და ლუიზ დე კოლინის ვაჟი. ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე უილიამ III-ის პაპა.

ფრედერიკ ჰენდრიკ ორანელი
ორანის პრინცი
მმართ. დასაწყისი: 23 აპრილი, 1625
მმართ. დასასრული: 14 მარტი, 1647
წინამორბედი: მორიცი
მემკვიდრე: ვილემ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 იანვარი, 1584
გარდ. თარიღი: 14 მარტი, 1647, (63 წლის)
მეუღლე: ამალია ფონ სოლმს-ბრაუნფელზი
შვილები: ცხრა შვილი
დინასტია: ორან-ნასაუ
მამა: ვილემი, ორანის პრინცი
დედა: ლუიზ დე კოლინი
რელიგია: კალვინიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ფრედერიკ ჰენდრიკი დაიბადა 1584 წლის 29 იანვარს დელფიტში, ჰოლანდიაში. იგი იყო პრინც ვილემ ორანელისა და მისი მეოთხე მეუღლის, ლუიზ დე კოლინის ერთადერთი საერთო ვაჟი. მამის მხრიდან მას თხუთმეტი უფროსი ნახევარ-და-ძმა ჰყავდა. მისი დაბადებიდან რამდენიმე თვეში, 1584 წლის 10 ივლისს, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის დაკვეთით მამამისი მოკლეს, რის გამოც პრინცი მისი უფროსი ძმა, ფილიპს ვილემი გახდა. ამასობაში დედამისი, ლუიზ დე კოლინი, გამოჩენილი ფრანგი ადმირალის, გასპარ დე კოლინის ასული, ფრედერიკსა და მის უფროს ექვს დას ზრდიდა.

1618 წელს ფილიპს ვილემი უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც ტახტზე მისი ნახევარ-ძმა, მორიცი ადის. მორიცსა და ფრედერიკის დედას, ლუიზ დე კოლინს უთანხმოება ჰქონდათ, რის გამოც 1620 წელს მორიცმა ლუიზი გააძევა, რომელიც მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნდა და იმავე წელს გარდაიცვალა. ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში, 1625 წელს მორიცი უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა, რის გამოც ორანის ახალი პრინცი ფრედერიკ ჰენდრიკი გახდა. მას ძალიან ეშინოდა, რომ ძმების მსგავსად უშვილოდ დაიღუპებოდა და ნიდერლანდებში ისევ ესპანელები გაბატონდებოდნენ, რის გამოც იმავე წელს ცოლად შეირთო ამალია ფონ სოლმს-ბრაუნფელზი, რომელთანაც რვა შვილი შეეძინა.

მმართველობა

რედაქტირება
 
ცხენზე ამხედრებული ფრედერიკ ჰენდრიკი დაახლოებით 1645-1647 წლებში

ფრედერიკ ჰენდრიკმა მალევე დაამტკიცა, რომ მორიცივით კარგი მებრძოლი იყო და მასზე უკეთესი პოლიტიკოსიც, რის გამოც ხალხში მალევე მოიპოვა დიდი პოპულარობა. ოცდაორი წლის განმავლობაში იგი გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკას წარმატებით მართავდა. მის დროს გახდა ნიდერლანდები კოლონიური იმპერია და საფუძველი ჩაეყარა მის ეკონომიკურ ძლიერებას. „ფრედერიკ ჰენდრიკის ხანას“ ნიდერლანდელ ისტორიკოსები ქვეყნის ოქროს ხანად აფასებენ. მან შეძლო და ჩამოაყალიბა დიდი საზღვაო ფლოტი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი იყო და კონკურენციას უწევდა ისეთ დიდ იმპერიებს, როგორებიც იყო: ესპანეთი, პორტუგალია, ინგლისი და საფრანგეთი. კოლონიებიდან შემოსულმა დიდმა კომერციულმა მოგებამ განაპირობა ის, რომ ნიდერლანდებში აყვავდა ხელოვნება და ლიტერატურა.

ფრედერიკ ჰენდრიკი ძმისა და მამის მსგავსად ებრძოდა ესპანელებს და ცდილობდა მათგან სამხრეთი ნიდერლანდებიც გაენთავისუფლა. მისი მრავალი ბრძოლიდან აღსანიშნავია, ის რომ ფრედერიკ ჰენრიკმა დაიპყრო გროლი, მაასტრიხტი, ბრედა, გენტი და ჰიულსტი. მან საფრანგეთთან ალიანსი განაახლა, რაც შემდგომში დიდად დაეხმარა ესპანელთა წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინაიდან თავად ფრანგებიც ცდილობდნენ ესპანელების თავიანთი მიწებიდან გაძევებას. მისი მმართველობის პერიოდში ნიდერლანდები მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რაც შემდგომში კარგად გამოიყენეს მისმა შთამომავლებმა.

ფრედერიკ ჰენდრიკმა მთელი ქვეყნის მასშტაბით წამოიწყო ახალი სასახლეების მშენებლობა და აღადგინა ჰააგაში მდებარე ძველი სასახლეც. მისი აშენებული სასახლეებიდან ორი მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა, თუმცა დანარჩენები დღემდე ინარჩუნებენ პირვანდელ სახეს.

გარდაცვალება და დაკრძალვა

რედაქტირება

ფრედერიკ ჰენდრიკი გარდაიცვალა 1647 წლის 14 მარტს ჰააგაში, 63 წლის ასაკში. ამის შემდეგ ტახტი მისმა ვაჟმა, ვილემ II-მ დაიკავა. მისი მეუღლის თაოსნობით მას ერთობ პომპეზური დაკრძალვა მოუწყვეს, რომელსაც დაესწრნენ ნიდერლანდელი მინისტრები და დიდებულები და უცხოელი ელჩები, მათ შორის ესპანელი დელეგატებიც. იგი დაკრძალულია ქალაქ დელფტში, ნიდერლანდებში.

ფრედერიკ ჰენდრიკის დაკრძალვის ცერემონია
 
ფრედერიკ ჰენდრიკი თავის ცოლთან და ქალიშვილებთან ერთად.

თავისი ცოლისაგან შეეძინა ცხა შვილი:

  1. ვილემ II (1626-1650), ორანის პრინცი 1647-1650 წლებში. ცოლად შეირთო მერი ინგლისელი, რომელთანაც შეეძინა ორანის პრინცი, ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე უილიამ III;
  2. ლუიზა ჰენრიეტა (1627-1667), ცოლად გაჰყვა ბრანდენბურგისა და პრუსიის ჰერცოგ ფრიდრიხ ვილჰელმს, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი;
  3. ჰენრიეტა ამალია (1628), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  4. ელიზაბეთი (1630), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  5. იზაბელა შარლოტა (1632-1642), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. ალბერტინა აგნესა (1634-1696), ცოლად გაჰყვა ნასაუ-დიეცის პრინც ვილემ ფრედერიკს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
  7. ჰენრიეტა კათარინა (1637-1708), ცოლად გაჰყვა ანჰალტ-დესაუს მთავარ იოჰან გეორგ II-ს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;
  8. ჰენდრიკ ლოდევიკი (1639), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  9. მარია (1642-1688), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;

თავისი საყვარლის, მარგარეტა კათარინა ბრუინსისგან ჰყავდა ერთი უკანონო ვაჟი:

  1. ფრედერიკი (1624-1672), ცუილენშტაინის ბატონი, ცოლად შეირთო მერი კილენგრიუ, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • P. L. Müller: Friedrich Heinrich, Prinz von Oranien. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 7, Duncker & Humblot, Leipzig 1877, S. 576–579.
  • Uwe Schögl (Red.): Oranien. 500 Jahre Bildnisse einer Dynastie aus der Porträtsammlung der Österreichischen Nationalbibliothek, Wien und der Niederländischen Königlichen Sammlung Den Haag. (Ausstellung vom 1. Februar bis 19. März 2002, Camineum der Österreichischen Nationalbibliothek, Wien). Österreichische Nationalbibliothek u. a., Wien 2002, ISBN 3-01-000028-6, S. 64–67.
  • Israel, Jonathan I. The Dutch Republic: Its Rise, Greatness, and Fall 1477-1806 (1998) excerpt and text search pp 506–45