ვიეტნამური ლიტერატურა
ვიეტნამური ლიტერატურა — ლიტერატურა ვიეტნამურ ენაზე. ვიეტნამის ლიტერატურის ადრინდელი (X–XIII საუკუნეები) წერილობითი ძეგლები დაწერილია ხანვანზე (ჩინეთის არქაული ენის ვიეტნამური ვარიანტი). პატრიოტული პათოსითაა გამსჭვალული იმპერატორ ლი თაი ტოს „ბრძანება დედაქალაქის გადატანის შესახებ“ (1010) და მთავარსარდლის ლი თიონგ კიეტის (1019–1105) ლექსი. XIII–XIV საუკუნეებში განვითარდა საკარო პოეზია. მღვდელმსახურთა და ჩანის დინასტიის (1225–1400) მეფე-პოეტთა ოთხ- და რვატაეპიანი ესთეტიზირებული პეიზაჟური ლექსები ბუდისტური მსოფლმხედველობის გავლენითაა შეთხზული. მონღოლ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლის თემა რიტმული პროზით დაწერილ თხზულებებსა და ლექსებში პატრიოტიზმი შერწყმულია ფეოდალის, როგორც მფლობელის, უფლება-მოვალეობათა აპოლოგიასთან. XIII საუკუნეში საფუძველი ჩაეყარა პოეზიას ვიეტნამურ სასაუბრო ენაზე. XIV საუკუნეში ფოლკლორისა და მატიანეთა ტრადიციის საფუძველზე ხანვანზე აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ნოველის ჟანრი, რომელმაც უმაღლეს მწვერვალს მიაღწია ნგუენ ზის (XVI საუკუნე) შემოქმედებაში. XV საუკუნეში განვითარდა პოეზია ვიეტნამურ ენაზე; აღსანიშნავია ნგუენ ჩაის (1380–1442) „ლექსების კრებული მშობლიურ ენაზე“. XVI საუკუნეში წარმოიქმნა თხრობითი და ფილოსოფიურ-ლირიკული პოემის ჟანრი. XVI–XVII საუკუნეებში გავრცელდა რიტმული პროზა. შეიქმნა ვრცელი ისტორიული ეპიკური პოემა ვიეტნამისის ისტორიულ პირებსა და ლეგენდარულ გმირებზე, „ციური სამხრეთის წიგნი“ (XVI საუკუნის დასასრული — XVII საუკუნის დასაწყისი). XVIII–XIX საუკუნეების ლირიკულ პოემებში იგრძნობა ადამიანის შინაგანი სამყაროს გახსნის ცდა პოეტი ქალის დიან თი დიემისა (1705–1748) და ნგუენ ზა თიეუს (1741–1798) პოემები, კლასიკური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლი — ნგუენ ზუს (1765–1820), „ტანჯული სულის ოხვრანი“. ტრადიციებით შებოჭილი მცირე ჟანრის პოეტური ნაწარმოებების შინაარსი გაფართოვდა ყოფისა და ქალაქის ცხოვრების ამსახველი თემატიკით. XIX საუკუნის პოეზიაში ჭარბობდა პატრიოტული მოტივი (ნგუენ დინ ტიე, 1822–1888; ნგუენ თონგი, 1827–1894). გაძლიერდა სატირული მიმართულება (ნგუენ ქიუენი, 1835—1909; ტუ სიონგი, 1870–1907). XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში ხანვანზე ჩამოყალიბდა თანამედროვე პროზაული ჟანრები: ნოველა, რომანი, დრამა. 20-იან წლებში ჩაისახა რევოლუციური ლიტერატურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ხო ში მინის მოთხრობები და პუბლიცისტიკა, ტო ჰიუს (დ. 1920) პოეზია. შეიქმნა მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის ნაწარმოებები. რეალისტური მიმართუ ლების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო გლეხობის ცხოვრების ამსახველი თემატიკისაკენ შებრუნებამ, რაც მკაფიოდ გამოიხატა ნგუენ კონგ ჰოანის (დ. 1903) რომანებში, მოთხრობებში, ნარკვევებში. ვუ ჩონგ ფუნგის (1912–39) რეალისტური რომანები ამხელს კოლონიურ-ფეოდალური წესების უკუღმართობას. 40-იან წლებში გაძლიერდა მხატვრული სახის ფსიქოლოგიურად გახსნის ტენდენცია. 1945 წლის აგვისტოს რევოლუციის შემდეგ ვიეტნამის ლიტერატურა ახალ თვისობრივ საფუძველზე ვითარდება. მისი თემაა რევოლუციური ძვრები და ახალი ადამიანის ჩამოყალიბება. ფეხს იკიდებს მცირე (მოთხრობა, პიესა, ლექსი) და მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრები (ნარკვევი, მხატვრული რეპორტაჟი). ამ ჟანრის ნაწარმოებებს წერდნენ ჩან დანგი (1922–1950), ნამ კაო (1916–1951), ნგუენ ტუანი (დ. 1910); ნგუენ დინ თის (დ. 1924), ვო ჰიუი ტამის (დ. 1920) და სხვათა რომანებისა და მოთხრობების თემაა კოლექტიური გმირი (ასეული, პარტიზანული რაზმი), მწერლები ეუფლებიან სოციალისტური რეალიზმის მეთოდს, თანამედროვე ადამიანს ხატავენ კომუნიზმის გამარჯვების ისტორიული პერსპექტივის ფონზე. ლიტერატურაში აისახა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენები (ნგუენ ჰიუი ტონგი, დაო ვუ, ნგუენ თე ფიონგი). პოეზიაში წამყვა როლი უჭირავს ლირიკას, რომელიც ასახავს საზოგადოების ადამიანის სულიერ სამყაროს (ნგუენ დინ ზის, ტო ჰიუს, ხო ში მინის პოემები და ლექსთა კრებულები).
1954 წლიდან ამერიკულ-საიგონელთა რეჟიმს დაქვემდებარებულ სამხრეთ ვიეტნამში ლიტერატურის განვითარებას აფერხებდა ცენზურის ძალადობა. ამ პერიოდის ნაწარმოებთა იდეალი იყო საიგონის არმიის ოფიცერი. პოეზიაში დასავლური მოდერნისტული მიმდინარეობების გავლენითა და მიბაძვით გაბატონდა ფორმალისტური ტენდენციები და აპოლიტიკური განწყობილება. პროგრესულ მწერალთა ნაწილმა დატოვა იმ დროის ოკუპირებული რაიონები. პროგრესული ლიტერატურის მთავარი გმირი იყო სამშობლოსათვის თავდადებული პატრიოტი. გამოდიოდა უპირატესად მცირე ჟანრის დოკუმენტური ნაწარმოებები, მემუარები, რომანები. შეიქმნა ეპიკრი პოემები და ერთმოქმედებიანი პიესები. გაერთიანების შემდეგ ვიეტნამში კვლავ განვითარდა ერთიანი ეროვნული ლიტერატურა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Накулин Н. И., Вьетнамская литература, Краткий очерк. М., 1971;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 404–405.