ვერა ბურჯანაძე (დ. 1907, სოფელი ობჩა1990) იყო ქართველი ჰუმანიტარი, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილე.

ვერა ბურჯანაძე
დაბადების თარიღი 1907
სოფელი ობჩა, ბაღდათის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 1990
სხვა სახელები ფაცო ბურჯანაძე, ფაცურა ბურჯანაძე
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სსრკ
პროფესია ჰუმანიტარი
მშობლები მამა: ალექსანდრე ბურჯანაძე
ნათესავები შალვა ბურჯანაძე, ვლადიმერ ბურჯანაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვერა ბურჯანაძე 1907 წელს ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. 1921 წლის შემდეგ ძმებთან, შალვასა და ვლადიმერთან (ლადიკო) ერთად წინააღმდეგობის იატაკქვეშა ქსელში აქტიურად იყო ჩართული. ისინი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები იყვნენ და ბაღდათის, სვირისა და ქუთაისის ზონებში მოქმედებდნენ. ორგანიზაციებს ერთმანეთთან აკავშირებდნენ, ტყეში გასულ მებრძოლთა ჯგუფებს სურსათითა და ინფორმაციით ამარაგებდნენ და მომავალი შეიარაღებული გამოსვლისთვის ემზადებოდნენ.[1]

იმერეთში აჯანყების ჩახშობასა და მასობრივ დახვრეტებს სხვა მებრძოლებთან ერთად ვერას ძმა ლადიკო ბურჯანაძეც ემსხვერპლა. ქუთაისის საბჭოთა უშიშროების სამსახურის საგანგებო კომისიის რეგიონულ განყოფილებაში პატიმრობისას ვერას ნოემბრის ამნისტიამ მოუსწრო და გაათავისუფლეს, მაგრამ მანამდეც, სარდაფში ყოფნისასვე დაიწყო დაპატიმრებულთა შორის „ციხის ტელეგრაფით“ კავშირის აღდგენა და მათი ორგანიზება.

ამნისტიით გათავისუფლების შემდეგ სხვებთან ერთად ვერა კვლავ იატაკქვეშა ორგანიზაციების აღდგენას შეუდგა. მოსახლეობაში საბრძოლო სულისკვეთებას აღვივებდა, დაზარალებულთა დასახმარებლად შემოწირულობებს აგროვებდა და მოქალაქეებს ანტისაბჭოთა ლიტერატურით ამარაგებდა. 1926 წელს მშობლიურ სოფელ ობჩაში აგვისტოს აჯანყების ორი წლისთავის მოსახსენიებელი პროკლამაციებიც გაავრცელა.

1926 წლის 22 დეკემბერს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს დავალებით იატაკქვეშა ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად ვერა ბურჯანაძეც დააპატიმრეს და თბილისში გაგზავნეს. 1927 წლის 16 მაისს საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის სფსრ „გეპეუს“ ადმინისტრაციული გადასახლების კოლეგიამ რსფსრ-ის საკონცენტრაციო ბანაკებში 3 წლით გადასახლება მიუსაჯა.

დანიშნულების ადგილამდე გადაყვანისას, ვერა გარკვეული ხნით მოსკოვში, ბუტირსკის ციხეში გააჩერეს. დიდი ხნით გადაასახლეს ციმბირში, მინუსინსკში კრასნოიარსკის მხარე, აღმოსავლეთი ციმბირი, სადაც უკვე ქაართველ პოლიტპატიმართა სათვისტომო იყო ჩამოყალიბებული. გადაასახლეს ვერა უმცროსი ძმა შალვა ბურჯანაძეც. გადასახლებულთა უმრავლესობას ყოველ 3 წელიწადში ერთხელ მექანიკურად უგრძელებდნენ გადასახლების ვადას: ან ადგილზე ტოვებდნენ, ან რუსეთის სხვა ზონებში აგზავნიდნენ.

1936 წელს ვერა თავის მეორე ქმართან, ბესო კვანტალიანთან ერთად საქართველოში, სამტრედიაში დაბრუნდა, მაგრამ მომდევნო წლის 27 ივლისს ორივე დააპატიმრეს. 1937 წლის 8 სექტემბერს ბესარიონ კვანტალიანს დახვრეტა მიუსაჯეს, ხოლო ვერას კვლავ 10 წლით გადასახლება არხანგელსკის ოლქში, კარგოპოლის „ლაგერში“.[2]

ვერამ გადასახლებაში 1937 წელს მისჯილ 10 წლიან ვადაზე დამატებით 4 წელი მოიხადა და საქართველოში 1951 წელს დაბრუნდა. იგი 1990 წელს გარდაიცვალა. [3]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

სოფელში, სანათესაოსა და იატაკქვეშეთში ვერა ბურჯანაძე ცნობილი იყო როგორც ფაცო (ფაცურა).

გადასახლებაში ვერა პოლონელ პოლიტპატიმარ ქირურგზე დაქორწინდა, რომელიც მალე დააპატიმრეს და დახვრიტეს. მეორედ იქორწინა პოლიტპატიმარ ბესარიონ კვანტალიანზე, რომელიც 1927 წლიდან იყო გადასახლებული.

ვერა ბურჯანაძეს სამედიცინო განათლება ჰქონდა მიღებული და ციხის საავადმყოფოში ექთნად მუშაობდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ვერა ბურჯანაძე: 25 წელი გულაგში ირაკლი ხვადაგიანის სტატია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პუბლიკაციაში. გვ. 67
  2. ვერა ბურჯანაძე: 25 წელი გულაგში ირაკლი ხვადაგიანის სტატია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პუბლიკაციაში. გვ. 68-70
  3. ვერა ბურჯანაძე: 25 წელი გულაგში ირაკლი ხვადაგიანის სტატია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პუბლიკაციაში. გვ. 71