ვაჯია სამედოვა
ვაჯია ალის ასული სამედოვა (აზერ. Vəcihə Əli qızı Səmədova; დ. 24 ნოემბერი, 1924, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ — გ. 24 ოქტომბერი, 1965, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — საბჭოთა აზერბაიჯანელი მხატვარი, აზერბაიჯანის სსრ-ის დამსახურებული ხელოვანი (1965),[1] რომელიც ცნობილია ძირითადად თავისი პორტრეტებით, ასევე პეიზაჟებით, ნატურმორტებით და თემატური ტაბლოებით. მოსკოვის ვ. ი. სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტის კურსდამთავრებული. სამედოვას მიერ შექმნილი პორტრეტები გამოირჩევა იმით, რომ ფიგურები მასზე არ არის გაყინული, არამედ თითქოს მოძრაობაშია. სამედოვას სახელს ატარებს ბაქოში მდებარე საგამოფენო სალონი.
ვაჯია სამედოვა | |
---|---|
Vəcihə Əli qızı Səmədova | |
დაიბადა | 24 ნოემბერი, 1924 |
დაბადების ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანის სსრ (დღეს აზერბაიჯანი) |
გარდაიცვალა | 24 ოქტომბერი, 1965 (40 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
სფერო | პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი, თემატური ტაბლო |
ჟანრი | პორტრეტი |
ჯილდოები | აზერბაიჯანის სსრ-ის დამსახურებული ხელოვანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებავაჯია ალის ასული სამედოვა დაიბადა 1924 წლის 24 ნოემბერს ბაქოში,[1] კონდიტერ ქერბალაი აღასა და დიასახლის რუბაბა სამედოვას ოჯახში. სამედოვას მამა, ქერბალაი აღა ყარსელი აზერბაიჯანელი იყო, რომელიც თავის ძმასთან ერთად ჯერ ირევანში გადავიდა, შემდეგ კი ბაქოში, სადაც იჩერი-შეჰერის კვარტალში რუბაბა გაიცნო, რომელიც ოჯახთან ერთად, ირანის ქალაქ ყუმიდან ჩამოვიდა. წყვილს სხვა შვილებიც ჰყავდა, თუმცა, ცოცხალი მარტო ვაჯია და მისი და სოლმაზი დარჩა.[2]
სამედოვამ, 1944 წელს ა. აზიმზადეს სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა, ხოლო შემდეგ, 1951 წელს მოსკოვის ვ. ი. სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტი დაასრულა.[1] მხატვრის სადიპლომო ნამუშევარი აზერბაიჯანელ კომპოზიტორთა ჯგუფური პორტრეტი გახდა.[3]
ვაჯია სამედოვა ძირითადად პორტრეტებზე, პეიზაჟებსა და თემეტურ ტაბლოებზე მუშაობდა. თავისი დროის ადამიანების გამოსახულებებს შექმნა ისეთ პორტრეტებში, როგორიცაა „მსახიობი ლ. ბადირბეილი“ (1954), „სოციალისტური შრომის გმირი ს. კარიმოვა“ (1957), „გეოლოგი მ. მამედბეილი“ (1959), „სოციალისტური შრომის ორგზის გმირი შ. ჰასანოვა“ (1960), „მოქანდაკე გ. აბდულაევა“ (1964) და სხვა.[1]
სამედოვა ბევრს მოგზაურობდა რესპუბლიკის მასშტაბით. მისი პეიზაჟები და თემატური ტაბლოები გამოირჩევა მდიდარი ეროვნული კოლორიტებით, ლაკონიურობით და კომპოზიციის სიცხადით, მათ შორისაა შემდეგი ნახატები: „აზერბაიჯანელი კომპოზიტორები“ (1951), „სიმღერა“ (1956), „გოიგოლის ნაპირზე“ (1957), „მტკვრის ნაპირზე“ (1961), „ახალი ამბის მოლოდინში“ (1963), „გეოლოგები“ (1965).[1]
შემოქმედებითი საქმიანობის გარდა, ვაჯია სამედოვა ასევე ჩართული იყო საზოგადო და პედაგოგიურ საქმიანობაში. სამედოვას ნამუშევრები გამოფენილი იყო საზღვარგარეთ, მათ შორის ვენაში, კაიროში, ბეირუთში, ვარშავაში, ბუდაპეშტში, სოფიასა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში.[4] 1962 წელს, სამედოვას ცალკე სამხატვრო სახელოსნო გადაეცა.
გარდაიცვალა 1965 წლის 24 ოქტომბერს, ბაქოში, ხანგრძლივი ავადმყოფობისგან. თავისი სურვილისამბერ დაკრძალეს მუსლიმთა საერთო სასაფლაოზე.[2] 1966 წლის ბოლოს, ბაქოში, აზერბაიჯანის მხატვართა კავშირშირის სამხატვრო სალონში გაიხსნა მხატვრის ნახატების სიკვდილშემდგომი გამოფენა. გამოფენაზე გამოიტანეს მხატვრის 200-მდე ნამუშევარი: პორტრეტები, საჟანრო ნახატები, პეიზაჟები, ნატურმორტები, ზეთით, აკვარელით, პასტელით და ფანქრით შესრულებული ნამუშევრები.[4]
სამედოვას ნამუშევრები ინახება აზერბაიჯანის სამხატვრო ეროვნულ მუზეუმში, ბაქოში, ასევე რესპუბლიკის სხვა მუზეუმებშიც. ბაქოში არსებობს მისი სახელობის საგამოფენო სალონიც.[4]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1944 წელს, ვაჯია სამედოვა დაქორწინდა მხატვარ ლითიფ ფაიზულაევზე. 1945 წელს, წყვილს ვაჟი შეეძინა, სახელად ნიჯათი, რომელიც შემდგომში კინორეჟისორი გახდა. 1955 წელს კი, წყვილს ქალიშვილი შეეიძინათ, სახელად ფატიმა.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- Габибов Н., Наджафов М., Искусство Советского Азербайджана, მოსკოვი: Искусство, 1960. — გვ. 199.
- Нәҹәфов М., Вәҹиһә Сәмәдова, ბაქო, 1966.
- Расим Эфенди, Ваджия Самедова // Искусство, 1967.
- Эфендиев Р., Ваджия Самедова, მოსკოვი, 1970.
- Дж. Кулиев, Сәмәдова Вәҹиһә Əли гызы // Азербайджанская советская энциклопедия, 1984, ტ. VIII.