ვაჩნაძიანთ მადლის ეკლესია

ვაჩნაძიანთ მადლის ეკლესია, ნურ-ქილისა — ეკლესია აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონში, ბელაქანის მახლობლად ლაგოდეხ-კახის მაგისტრალური გზის მარჯვენა მხარეზე დაახლოვბით 5 კილომეტრის დაშორებით. მას ადგილობრივი მცხოვრებნი ნურ-ქილისას ეძახიან.

ვაჩნაძიანთ მადლი
ვაჩნაძიანთ მადლის ეკლესია — აზერბაიჯანი
ვაჩნაძიანთ მადლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
მუნიციპალიტეტი ბელაქანი
ადგილმდებარეობა ლაგოდეხ-კახის მაგისტრალიდან სამხრეთით 5 კმ-ზე.
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
თარიღდება XI-XIII სს.

ძეგლის გეგმის კომპოზიცია და საშენი მასალა, რომლითაც აგებულია, აშკარად მიუთითებენ მშენებლობის ორ პერიოდზე: პირველ პერიოდს ეკუთვნის თვით ეკლესია, რომელიც წარმოადგენს წრიული მოხაზულობის ერთ აფსიდიან ბაზილიკისებრივ სივრცობრივი ფორმის ნაგებობას, რომელიც აგებულია ადგილობრივი საშენი მასალისაგან, კირის მოჭარბებულ ხსნარზე; მეორე პერიოდს უნდა მივაკუთვნოთ აგურისაგან აგებული სამრეკლო, რომელიც დასავლეთ მხარეზეა ეკლესიის კარიბჭის კედელზე მიშენებული.

ძეგლის თარიღის დადგენა ეპიგრაფიკული მასალის უქონლობის გამო ძნელდება, ამიტომ ჯერჯერობით ხუროთმოძღვრულ ანალიზს, მის სამშენებლო ელემენტებისა და ტექნიკის დონის განსაზღვრას უნდა დავეყრდნოთ. აღნიშნულ ძეგლს პარალელები ეძებნება თვით საინგილოს ტერიტორიაზე. ასევე იდენტური ტიპის ძეგლების არსებობა დამოწმებულია საქართველოს სხვადასხვა მხარეში; აგრეთვე ისტორიული ტაოს მიწა-წყალზე. ამ ძეგლის ერთ-ერთ იდენტურ ტიპს წარმოადგენს იშხნის ტაძრის გვერდით მდებარე ე. წ. „მცირე ეკლესია“, რომელიც აგებულია 1006 წ., ხოლო მშენებლობის მეორე პერიოდის მიშენებული ნაწილი - სამრეკლო, დღევანდელი კახეთის ტერიტორიაზე გავრცელებუღი ქართული ხუროთმოძღვრების გვიან პერიოდის დამახასიათებელი ტიპური სამრეკლოების განმეორებას წარმოადგენს. სამრეკლოს პირველი სართულის გეგმის კვადრატული მოხაზულობა და მეორე სართულის რვაწახნაგოვანი ტიპური ღია ფანჩატურისებრივი გადაწყვეტა თავისი სივრცობრივი ფორმითა და კონსტრუქციული სტრუქტურით XII–XIII საუკუნეებს არ სცილდება, ხოლო ეკლესიის მშენებლობის პირველი პერიოდი XI- XII საუკუნეებში უნდა ვივარაუდოთ.

ამჟამად დანგრეულია და უპატრონოდ დგას დიდ ველზე - ძეგლი ახლო სოფლებიდან მორეკილი ნახირისა და მწყემსების სადგომად არის ქცეული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ადამია ი., „ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება. საინგილო“, თბ., 1979
  • მარჯანიშვილი გ.,„ძველი ჰერეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 19 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1969 წელი. — გვ. 47-50