ვაშლოვანი (ტაო)
ვაშლოვანი — ისტორიული მხარე და ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ტაოში (ახლანდ. თურქეთი).
ვაშლოვანი პირველად იხსენიება თამარის პირველ ისტორიკოსთან, ძეგლში „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, როდესაც საუბარია გუზან ტაოს ერისთავზე: „გამტანელი ტაოსკარისა და ვაშლოვანისა და სხვათა ციხეთა მრავალთა“. ხშირად გვხვდება ჟამთააღმწერელთან XIII საუკუნის მიწურულისა და XIV საუკუნის დასაწყისის ამბებთან დაკავშირებით. ჟამთააღმწერელი წერს: „მაშინ ბექამან (ჯაყელ-ციხიჯვარელი) დაიპყრა... უმრავლესი ტაო, ვაშლოვანი“... ამ კონტექსტში ვაშლოვანი უკვე მხარის მნიშვნელობით იხსენიება.
გვიანდელ წყაროებში (XV–XVIII სს.) ვაშლოვანი, როგორც ცოცხალი ტოპონიმი, აღარ ჩანს. ყველა მონაცემის მიხედვით ლოკალიზდება ოლთისისწყლის (ახლანდ. ოლთუჩაი) სათავის მიდამოებში, სადაც მდებარეობს სოფლები ქვემო და ზემო ხნძორქები. „ხნძორქ“ ქართული ვაშლოვანის სომხური თარგმანია. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) წერს: „თორთომის ციხის ზეით არს ხენძორეთი დაბა დიდი და გზა არზრუმისა“. წყაროებით დასტურდება, რომ XIV საუკუნიიდან ტაოში იწყება ლტოლვილების შემოსვლა მეზობელი სომხეთის პროვინციებიდან. ამაზე ცხადად მეტყველებს ტაოს ერთ-ერთ სოფელში გადაწერილი სომხური ხელნაწერის მინაწერი. მოსული მოსახლეობის მიერ სიტყვასიტყვით თარგმნის შედეგად გაჩნდა ახალი, თუმცა ძველთან სემანტიკურად დაკავშირებული „ხნძორქ” (ვაშლოვანი), რაც შეეხება ვახუშტისთან დაცულ ფორმას „ხენძორეთის“ გავრცობას „ეთ“ სუფიქსით, როგორც ჩანს, ტოპონიმმა ასეთი სახე მიიღო ამ მხარის ხელახალი ქართიზაციის შემდეგ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959
- ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ტ. 4, თბ., 1973
- ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 3, თბ., 1958
- თორდია ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 203.