ვასილ ველიჩკო
ვასილ ლვოვის ძე ველიჩკო (რუს. Васи́лий Льво́вич Вели́чко; დ. 2 ივლისი, 1860, პრილუკი, ახლანდ. უკრაინა, — გ. 31 დეკემბერი, 1903, პეტერბურგი) — რუსი მწერალი, პუბლიცისტი. გამოირჩეოდა კონსერვატიული და მონარქისტული შეხედულებებით, იყო რუსული თვითმპყრობელობის აპოლოგეტი.
ვასილ ველიჩკო | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 (14) ივლისი, 1860 |
დაბადების ადგილი | პრილუკი |
გარდაცვალების თარიღი | 31 დეკემბერი, 1903 (13 იანვარი, 1904) (43 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
საქმიანობა | ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, პოეტი[1] , დრამატურგი[1] , პუბლიცისტი[1] , ისტორიკოსი[1] და ეთნოგრაფი[1] |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ალმა-მატერი | იურისპრუდენციის საიმპერატორო სკოლა |
ჯილდოები | Griboyedov Prize |
დაამთავრა პეტერბურგის სამართალმცოდნეობის სასწავლებელი (1883), მუშაობდა რუსეთის იმპერიის იუსტიციის და სახელმწიფო ქონების სამინისტროებში. 1880 წლიდან აქვეყნებდა საკუთარ ლექსებსა და მოთხრობებს. ახალგაზრდობაში ახლოს იყო პეტერბურგის ლიბერალურ ლიტერატურულ წრეებთან, 1890-იანი წლების შუა პერიოდიდან მისი შეხედულებები უკიდურესად კონსერვატიული და ნაციონალისტური გახდა. 1896–1899 წლებში იყო თბილისში გამოცემული რუსულენოვანი გაზეთის „კავკაზის“ მთავარი რედაქტორი. 1899 წელს მონაწილეობდა პეტერბურგში ერთ-ერთი პირველი მემარჯვენე-მონარქისტული და რელიგიურ-კონსერვატიული ორგანიზაციის „რუსული კრების“ დაფუძნებაში. 1902 წლიდან იყო ჟურნალ „რუსკი ვესტნიკის“ თანარედაქტორი.
ველიჩკო თავის ნაწერებში ხოტბას ასხამდა საქართველოს და კავკასიაში რუსული სახელმწიფოებრივი ინტერესების გამტარებელ ბურჯს უწოდებდა, ხოლო სომხებს — არასაიმედო პარტნიორებს. ეწეოდა აქტიურ ანტისომხურ პროპაგანდას; ამასთანავე, მიიჩნევდა, რომ ქართველებისთვის, როგორც რაინდულ ტრადიციებზე აღზრდილი მეომარი ხალხისათვის, მავნებელი იყო ევროპული კულტურა და განათლება. 1894 წელს პეტერბურგში გამოსცა ორიგინალური და ნათარგმნი ლექსების კრებული „აღმოსავლური მოტივები“, რომელშიც ქართველი პოეტების (ნიკოლოზ ბარათაშვილი, გიორგი ერისთავი, ილია ჭავჭავაძე) თარგმანებიც შეიტანა (თარგმნა აგრეთვე აკაკი წერეთლის, გრიგოლ ვოლსკის და სხვათა ნაწარმოებები). ქართული თემატიკით მდიდარია პეტერბურგშივე გამოცემული ველიჩკოს პოეტური კრებული „არაბესკები“ (1904). ქართული საზოგადოება ველიჩკოში ქართული კულტურის პოპულარიზატორს ხედავდა და მის ჩამოსვლას თბილისში (1895) ხაზგასმული პატივისცემითა და საგანგებო ნადიმით შეხვდა, თუმცა ველიჩკოს მზარდ შოვინისტურ და რუსიფიკატორულ შეხედულებებთან ერთად ქართველი მოღვაწეთა უმეტესობა უარყოფითად განეწყო მის მიმართ (ველიჩკოს საქმიანობის უკიდურესად ნეგატიური შეფასებაა მოცემული აკაკი წერეთლის ლექსში — „ყიზილბაშურში“).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Полн. собр. соч., т. 1–2, СПб., 1904–05.
- Кавказ. Чëрная книга, М., 2003.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგებაშვილი ი., მოყვარე თუ მტერი? რჩ. თხზ. 5 ტომად, ტ. 3, თბ., 1990.
- ლასხიშვილი გ., მემუარები, თბ., 1992.
- ნოზაძე ც., ვ. ლ. ველიჩკოს წერილი გრ. ვოლსკისადმი, კრ.: ჟურნალისტიკის თეორიისა და ისტორიის საკითხები, დ. გამეზარდაშვილის რედ., ტ. 3, თბ., 1974.
- პოეტის ველიჩკოს პატივსაცემლად გამართული ნადიმი, «ივერია», 1895, № 217.
- ჯოლოგუა თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- Апраксин П . Н., Бурнашев С. Н., Последние дни Величко, М., 1904.
- Воинство святого Георгия, წგ.: Жизнеописания русских монархистов начала ХХ века. Сост. и ред. А. Д. Степанов, А. А. Иванов, СПб., 2006.
- Нилус С. А., Близ есть при дверях, М.–СПб., 1999.
- Туманов Г. М., Характеристики и воспоминания, т. 2, Тфл., 1905.