ვარძიის დედაღვთისა

ვარძიის დედაღვთისა, კიკოს მონასტერი — შუა და გვიანდელი ფეოდალური ხანის მონასტერი ზემო იმერეთის სოფ. ვარძიაში (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი), მდებარეობდა მდ. ვარძეულის (მდ. ბორიმელის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. დღეისათვის შემორჩენილია მონასტრის მთავარი ეკლესია და სამრეკლო.

ვარძიის დედაღვთისა

ვარძიის დედაღვთისას მონასტერი

ვარძიის დედაღვთისა — საქართველო
ვარძიის დედაღვთისა
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°01′20″ ჩ. გ. 43°05′35″ ა. გ. / 42.022444° ჩ. გ. 43.093167° ა. გ. / 42.022444; 43.093167
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ვარძია
დეტალები

აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის გამოკვლევით, XI-XIII საუკუნეებში ამ ადგილას დიდი სამონასტრო კომპლექსი ყოფილა. ხალხური გადმოცემით ვარძიის სამონასტრო კომპლექსი თამარ მეფის ბრძანებით აუშენებიათ. მეფე თამარი ღვთისმშობლის ხატს მოაბრძანდებდა მესხეთის ვარძიიდან. თან მოჰყავდა მის მიერ გაქრისტიანებული ახალციხელი თათრები. მეფეს ღამე ჩხერის ციხეში გაუთევია. ძილში ღვთისმშობელი გამოცხადებია და მიუნიშნებია, თუ სად უნდა აეშენებინა წმინდა ხატისთვის ტაძარი. როდესაც თამარი გამოცხადების ადგილზე მივიდა, თვალწინ საოცარი სილამაზე გადაეშალა. მეფეს იქ დაუსვენებია ღვთისმშობლის ხატი და უბრძანებია ტაძრის მშენებლობა. აქ ორ თვეში აუგია მონასტერი. იქვე აუშენებია სამეფო სასახლეც. ამის შემდეგ თამარს ორი წელი უცოცხლია. სახელი ვარძია მეფეს შეურჩევია, ტაძრის გარშემო კი მესხეთიდან მოყვანილი თათრები დაუსახლებია. ეს ლეგენდა ჟურნალ „ცისკრის“ 1863 წ N 10 ფურცლებმა შემოგვინახა. წერილი ჟურნალ „ცისკარში“ დაუბეჭდავს თომა მაჭავარიანს, რომელიც ქუთაისში ადვოკატად მსახურობდა.

ვარძიის მონასტერი საუკუნეების განმავლობაში იყო კულტურულ-საგანმანათლებლო კერა. აქ იწერებოდა და ითარგმნებოდა წიგნები. მონასტერი XVII საუკუნის 90-იან წლებში საფუძვლითურთ დაიწვა და განადგურდა, ამიტომ აქ შექმნილმა მწიგნობრულმა ნიმუშებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. შემორჩა მხოლოდ XVIII საუკუნის 80-90-იანი წლებით დათარიღებული ქართულ-თურქული სახელმძღვანელო.სასწავლო წიგნი შედგენილია ვარძიის მონასტერში.

ჩვენამდე მოღწეული ტაძრის სამრეკლოს წარწერა შემდეგს გვამცნობს: „ლიხთ-იმერეთის მეფის ძის ბატონი, ბატონისშვილის კარის არქიმანდრიტმა ნიკოლოზ ყიფიანმა, ოდესაც ვიხილე სამრეკლო ესე დარღვეული და სრულად შემუსვრად მიწევნული... შეწევნითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მარიამისათა ვიწყე, მე... ხელითა ჩემისა შენებად ამისა სადღეგრძელოდ და მუდამ გასამარჯვებლად ბედნიერის ხელმწიფის მეფის სოლომონისთვის და ძისა მისისა ალექსანდრესთვის“. აღნიშნული წარწერა 1777 წლით თარიღდება. მაშასადამე, ვარძიის სამრეკლოს აღდგენა ამ წელს დასრულებულა.

1783 წელს, იმერეთის მეფემ სოლომონ I-მა სოფელი ვარძია თავისი მონასტრით, ადგილ-მამულითა და ტყეებით კვიპროსის დედაღვთისას ბერძნულ კიკოს მონასტერს შესწირა. კომპლექსმა სახელწოდება კიკოს მონასტერი სწორედ ამის გამო შეიძინა. სოლომონ II-მ განაახლა შეწირულობის წიგნი. ასე რომ, 1783 წლიდან 1914 წლამდე ვარძიაში ბერძენი ბერები იგზავნებოდნენ შვიდ წელიწადში ერთხელ. ისინი კრეფდნენ გადასახადს, აკეთებდნენ ჩანაწერებს ადგილობრივი მოსახლეობის შესახებ და ასე იქმნებოდა ვარძიის მატიანე.

XX საუკუნის დასაწყისში მონასტერი მეტად უნუგეშო მდგომარეობაში აღმოჩნდა, იმდროინდელი საგაზეთო წერილებიდან ირკვევა, რომ ადგილობრივები მონასტრის თლილ ქვებს გზის გასამშრალებლად იყენებდნენ. 1905 წლის რევოლუციის დროს ადგილობრივმა გლეხებმა დაარბიეს ვარძიის მონასტერი, არქიმანდრიტი გაიქცა. 1914 წლიდან კვიპროსელი ბერების მიმოსვლა შეწყდა. ვარძიაში საცხოვრებლად დარჩა ბოლო სასულიერო პირის სამოელ ბისკობითის სტიქაროსანი, ვინმე ძაბუნიდი. აქედან გაჩნდა სოფელში გვარი ძაბუნიძე.

არქიტექტურა

რედაქტირება

ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარი კომპლექსს, რომელშიც შედის როგორც ერთნავიანი ბაზილიკა, ასევე, ჯვარ-გუმბათოვანი სტილის ტაძარიც, ნაშენია თლილი ქვისა და კირისაგან. ბედუკუღმართობის გამო რამდენიმეჯერ დანგრეულა. ლეკების მიერ.ტაძარზე მიშენებული არის ნაგებობა, „კათაკმეველთა“ ადგილი.გვერდით არის წმ, იოანე ნათლისცემლის ტაძარი ერთნავიანი,რომლის გუმბათში იყო სამრეკლო ამ. ტაძრის წარწერით დასტურდება, რომ აღდგენილია მეთვრამეტე საუკუნეში არქიმანდრიტ ნიკოლოზ ყიფიანის მიერ. ხოლო სამრეკლოს აშენების თარიღი ამჟამად უცნობია.

ამჟამად, ვარძიის ტაძარი მოქმედი ტაძარია. იქ აღევლინება წირვა-ლოცვა. აღდგომიდან მესამე ორშაბათს სოფელი ზეიმობს ტაძრის დღესასწაულს „დედაღვთისაობას“. თავად ხატი, რომლის სახელზეც ტაძარი აშენდა, დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. მისი აღწერა ჯერ კიდევ 20-იან წლებში მოუხდენია მღვდელ გიორგი ბოჭორიძეს. აღწერის მიხედვით, იგი ყოფილა კარედის ხატი, რომლის შუა ნაწილში ღვთისმშობელი, ხოლო კარებზე მთავარანგელოზები ყოფილან გამოსახულნი. ხატი მოჭედილია და შემკულია ტიხრული მინანქრით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბუბულაშვილი ე., ვარძიის მონასტერი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
  • ბუბულაშვილი ე., ზემო იმერეთის ვარძიის ღვთისმშობლის მონასტრისა და კვიპროსის წმ. კიკოს მონასტრის ურთიერთობის ისტორიიდან, «არისტოტელეს სახ. ბერძნულ-ქართული უნივერ-სიტეტის შრომები», ტ. 1, თბ., 1993.
  • ცქიტიშვილი გ., წარწერა იმერეთის სოფ. ვარძიის მონასტრის სამრეკლოზე, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31.