ვარსიმაანის წმინდა გიორგის ეკლესია
ვარსიმაანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, რომელიც მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარსიმაანის დასავლეთით, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაშენია დიდი ზომის რიყისა და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კამაროვანი გადახურვა და კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები. დასავლეთიდან ეკლესიას მოზრდილი სწორკუთხა მინაშენი ეკვრის, რომლის გადახურვა და კედლების ზედა ნაწილი დანგრეულია. ეკლესიას სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთიდან აქვს - მინაშენიდან. მინაშენის შესასვლელი მისი აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ კიდეშია გაჭრილი. ეკლესიის კვადრატული ფორმის დორმის დარბაზი აღმოსავლეთით ღრმა, ნალისებრი მოყვანილობის აფსიდითაა დასრულებული. აფსიდის ღერძზე ეკლესიის ერთადერთი, მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია. აფსიდში ერთ სიმაღლეზე განლაგებულია სამი სწორკუთხა ნიში. ერთი მცირე ზომის ნიში დარბაზის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეშია. აფისიდი გადახურულია ტლანქად ნაწყობი კონქით. ეკლესია გადახურული იყო კრამიტით, რომლის მცირე ნაწილი აღმოსავლეთ კედელს შემორჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 248.