ვარლამ ვაშალომიძე

ვარლამ ვაშალომიძე (დ. 1896, ვანისქედი — გ. 5 სექტემბერი, 1987 იქვე) — ქართველი მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, აქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე.

ვარლამ ვაშალომიძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1896
დაბ. ადგილი ვანისქედი
წარმოშობა გურია
გარდ. თარიღი 5 სექტემბერი, 1987
გარდ. ადგილი ვანისქედი
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვარლამ ვაშალომიძემ სიმღერა ოჯახში ისწავლა. მისი მშობლები, არტემი და პელაკი მომღერლები იყვნენ და სხვადასახვა ინსტრუმენტებზეც უკრავდნენ. ოჯახში ჰქონდათ ჩონგური, ქართული გარმონი და დაირა.

1916 წელს გაიწვიეს ჯარში. 1925 წლიდან ამეცადინებდა სასოფლო გუნდს. 1928 წელს ვარლამ სიმონიშვილმა ის ეთნოგრაფიულ ანსამბლში მიიწვია. ეს ანსამბლი წარმატებით გამოვიდა 1934 წელს თბილისში გამართულ ამიერკავკასიის ხალხთა ოლიმპიადაზე. 1934 წლიდან ვარლამ ვაშალომიძე სათავეში ედგა სოფელ მთისპირის საკოლმეურნეო გუნდს. 1937 წელს მან მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე კირილე პაჭკორიას გუნდში. 1957 წლიდან მღეროდა ვლადიმერ ერქომაიშვილის „შვიდკაცაში“. 1963 წლიდან კი მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა უხუცეს გურულ მომღერალთა ანსამბლი „დილა“, რომელსაც თავადვე ჩაუდგა სათავეში. ეს იყო ვარლამ სიმონიშვილის საუკეთესო მოწაფეთა ახალი გაერთიანება.

ვარლამ ვაშალომიძე მაღალ ხმას მღეროდა, როგორც ანსამბლურ, ასევე ტრიოთი შესასრულებელ სიმღერებში. 1980 წელს სოფელში აღინიშნა მისი იუბილე და მიენიჭა საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება. ვარლამ ვაშალომიძე დაკრძალულია ვანისქეში, ეკლესიის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება