ვარაზ-ბაკურ გამრეკელი
ვარაზ-ბაკურ გამრეკელი — XI საუკუნის II ნახევრის ქართველი დიდებული, ერისთავი.
„მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, 1065 წლის ახლო ხანებში საქართველოს მეფე ბაგრატ IV-მ მოციქულად გაგზავნა სომეხთა (ტაშირ-ძორაგეტის) მეფე კვირიკესთან, რათა მიეღო თანხმობა ბაგრატის დისწულის და, ამავდროულად, კვირიკეს ძმისწულის სელჩუკთა სულთან ალფ-არსლანისთვის ცოლად მითხოვებაზე. სომეხთა მეფემ უარი განაცხადა ძმისწულის გათხოვებაზე. ამ საბაბით ბაგრატ IV-მ კვირიკე შეიპყრო და სამშვილდე ჩამოართვა.
ვარაზ-ბაკური უნდა იგულისხმებოდეს აძიკვის ეკლესიის (ახლანდ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) წარწერებშიც („მე ვარაზბაკურ შევსწირე მიწაჲ თავნარული აძიკურსა ეკლესიასა სალოცავად სულისა ჩუენისა“, „ქრისტე ადიდე შოთაჲ და გამრეკელ და ბეშქენ და ვარაზბაკურ“). ის თორელთა წარმომადგენლად და ამ საგვარეულოდან ჯავახეთის პირველ ერისთავადაა მიჩნეული.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუდავა ბ., ვარაზ-ბაკურ გამრეკელი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 166.
- კლდიაშვილი დ., ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში: ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2017. — გვ. 180.
- შოშიაშვილი ნ., თორელთა ფეოდალური სახლის ისტორია და შოთა რუსთაველი, კრ.: შოთა რუსთაველი, თბ., 1966. — გვ. 23.