ვაჟა გვახარია

ქართველი მუსიკათმცოდნე, ფილოლოგი (1925–1991)

ვაჟა ალექსანდრეს ძე გვახარია (დ. 22 მარტი, 1925, თბილისი, — გ. 25 ივლისი, 1991, იქვე) — ქართველი მუსიკათმცოდნე, ფილოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერების დოქტორი (1968), პროფესორი (1969).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1947 წელს და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტი 1949 წელს. 1952 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. ქართული მუსიკის შესახებ საჯარო ლექციებს კითხულობდა მოსკოვის, ლენინგრადის, ხარკოვის, ბაქოს, ბერლინის, ლაიფციგის, ჰალეს უმაღლეს სასწავლებლებში. 1985–1991 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ძველი აღმოსავლური ენების განყოფილების გამგე. 1967 წელს გახდა ჰენდელის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი.

გვახარია ავტორია მრავალი გამოკვლევისა, რომელთა შორის აღსანიშნავია „ძველ ქართულ მუსიკალურ სისტემათა განვითარება“ (1962), „რიჰარდ ვაგნერი“ (1966), „ჰენდელი, მოცარტი, ვაგნერი“ (1976), „ნიკო სულხანიშვილი“ (1973), „მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები“ (1978), „ურარტულის ლექსიკა“ (1982), „ურარტული ენის ლექსიკონი-სიმფონია“ (რუსულ ენაზე, მოსკოვი, 1963), „ბასკური ხალხური სიმღერები“ (1989, ი. ტაბაღუასთან ერთად) და სხვ. გვახარია ასევე იკვლევდა ქართული სასულიერო მუსიკის ისტორიას, ჰიმნოგრაფიულ და ნოტების ხელნაწერებს, ნევმური ნოტაციის შენარჩუნებით ნუსხურ-ხუცურიდან მხედრულზე გადმოიტანა მიქაელ მოდრეკილის იადგარი (X საუკუნე), შექმნა XIX საუკუნის ქართული მუსიკალური ხელნაწერების კლასიფიკაცია.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ბასკური ხალხური სიმღერები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1983.
  • ზმნა და სახელი ურარტულში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1982.
  • ქართული მუსიკის მშვენება : ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრება (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1971.
  • რიჰარდ ვაგნერი : გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება N 32 (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 606.
  • М. Андриадзе, хhttps://www.pravenc.ru/text/161775.html Гвахария, Важа Александровичъ, «Православная Энциклопедия», т. 10, с. 467-468.