ვან დონ ჟან ჰალენი
ვან დონ ჟან ჰალენი, ალენი ესპ. Juan Van Halen y Sartí (დ. 16 თებერვალი, 1790, კუნძილი ლეონი — გ. 8 ნოემბერი, 1864, კადიქსი) — ესპანეთის გენერალი (წარმოშობით ბელგიელი).
ახალგაზრდობაში მსახურობდა ესპანეთის ფლოტში, შემდეგ ჟოზეფ ბონაპარტის ჯარში იყო. 1819 რუსეთში გადასახლდა, მაიორის ჩინით მსახურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში, რომელიც კავკასიაში იდგა. 1820 ესპანეთში დაბრუნდა და კონსტიტუციის დამცველებს მიემხრო. მონაწილეობდა ბელგიის 1830 რევოლუციაში და ბრაბანტის გუბერნატორად დანიშნეს. ბელგიაში ყოფნისას ჰალენმა გამოაქვეყნა თავისი მემუარები, რომელიც II ტომი თითქმის მთლიანად ეძღვნება რუსეთსა და კავკასიას (ჰალენი თბილისში ჩამოვიდა 1819 წლის სექტემბერში საქართველოს სამხედრო გზით. 1819–1820 წლების ზამთარი ძირითადად თბილისში გაატარა). ჰალენი ზოგადად მიმოიხილავს კავკასიისა და საქართველოს ადმინისტრაციულ წყობილებას. დაწვრილებით აღწერს კაზაკების, ჩაჩნების, ქართველებისა და ლეკების ყოფას, ეხება კათოლიკე მისიონერების მოღვაწეობას საქართველოში. საინტერესო ცნობებს იძლევა ალექსანრე ბატონიშვილზე, ა. ერმოლოვის ირანში ელჩობაზე (1817); ცოცხლად აქვს აღწერილი ე. წ. "ერმოლოვის თბილისი" და ერმოლოვის პოლიტიკა, მოჰყავს გრეთვე ცნობები იმერეთის 1820 აჯანყების შესახებ და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ყიფიანი ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 595.