ვანის ოთხთავი

(გადამისამართდა გვერდიდან ვანის სახარება)

ვანის ოთხთავი, ვანის სახარება — XII–XIII საუკუნეების მიჯნის ქართული ხელნაწერი სახარება, მიეკუთვნება გიორგი მთაწმიდლისეულ რედაქციას.

ვანის სახარება
მინიატურები ვანის სახარებიდან (გვერდი 210v).

ხელნაწერი შესრულებულია ლამაზი ნუსხურით ორ სვეტად. შეიცავს 274 ფურცელს (241-ე ფურცელი ამოვარდნილია), სვეტში 21 სტრიქონია. ხელნაწერის ზომაა 29 × 21 სმ, ნაწერი სვეტისა — 19 × 5,2 სმ. სათაურები, აბზაცის დასაწყისი და ზოგჯერ ცალკეული სიტყვების პირველი ასოები შესრულებულია მთავრულითა და ოქრომელნით. მდიდრულადაა შემკობილი ევსების „10 კანონის“ შემცველი კამარებით, მახარებელთა სურათებითა და მინიატიურებით.

ხელნაწერის მომხატველია ბერძენი მიქაელ კორესელი (კორესა ძველი ქალაქია მცირე აზიაში). გადაწერილია თამარ მეფის სამეფო კარის დაკვეთით ვინმე იოვანეს მიერ ქალაქ კონსტანტინოპოლთან ახლომდებარე ჰრომაის (რომანას) ქართველთა მონასტერში.

ანდერძიდან ჩანს, რომ ცნობილი მოღვაწე ბერი ზაქარია ჩასულა ათონის მთაწმიდის მონასტერში, მის წიგნსაცავში მოუძიებია ოთხთავის გიორგი მთაწმიდლისეული ავტოგრაფი; იგი თავდაპირველად შატბერდელ სტეფანე ხუცს გადაუწერია, შემდეგ კი — იოვანეს. ყოველ სახარებას უძღვის მოკლე უწყება და თავების ტექსტი: მათესას — 76, მარკოზისას — 57, ლუკასას — 96, იოანესას — 36. ეს თავები ტექსტშიც მეორდება სათანადო ადგილებში. ხელნაწერში დაცულია ბევრი მინაწერი და გიორგი მთაწმიდლის ცნობილი ანდერძიც.

ვანის სახარებას ახასიათებს ორთოგრაფიულ-ფონეტიკური თავისებურებანი: დაწერილობა ჱ-ს ნაცვლად, ს-ს ასიმილაციური ცვლილება შ-დ , და ჩ-ს წინ, პირის ნიშნის ხმარება მხოლოდ ხ-ს წინ, ვნებით გვარში ზმნის უვინო დაწერილობა და ა. შ.

ვანის სახარება ერთხანს (XIV–XV საუკუნეები) დაცული ყოფილა მესხეთში, შორათის მონასტერში, მერე (XVIII საუკუნე) — ვანში (აქ აღწერა ხელნაწერი ექვთიმე თაყაიშვილმა), 1889 წლიდან — გელათში, საიდანაც ვ. ბერიძემ ჩამოიტანა თბილისში. ამჟამად ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (A–1335). ტექსტი გამოკვლევითურთ გამოსცა ივანე იმნაიშვილმა („ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია“, თბ., 1979).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დანელია კ., ვანის სახარება // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
  • აბულაძე ი., ქართული წერის ნიმუშები. პალეოგრაფიული ალბომი, მე-" შევს. გამოც., თბ., 1973.
  • მაჭავარიანი ე., ვანის ოთხთავის დეკორაციული მორთულობა, «ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე», 1960, ტ. 2.
  • საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა [A კოლექცია], ტ. 4, თბ., 1954.