ვანათის ხატი
ვანათის ხატი და ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დევეენაანთხევის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 0,5 კილომეტრზე, ტყიან ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, რომელსაც სამხრეთიდან, მთელ სიგრძეზე, მინაშენი ეკვრის. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყისა და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ძლიერ დაზიანებულია. გადახურვა ჩამონგრეულია, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები, ჩამოშლილია გარეთა კუთხეების ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მინაშენიდან. მინაშენის მხრიდან კარი თაღოვანია, ხოლო შიგნით — სწორკუთხა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის ღიობი შირიმის ქვითაა გამოყვანილი. სარკმლის სამხრეთით სწორკუთხა ნიშია. ერთი თაღოვანი სარკმელი დასავლეთ კედელშია. მინაშენი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. აფსიდში ერთი სწორკუთხა სარკმელი და ერთი კვადრატული ნიშია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი გარედან მთლიანად ჩამოშლილია, დანგრეულია აფსიდის სამხრეთ გვერდის მნიშვნელოვანი ნაწილიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 378.