ვალენტინ თოფურიძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თოფურიძე.

ვალენტინ ბაგრატის ძე თოფურიძე (დ. 13 იანვარი, 1908, თბილისი — გ. 1 თებერვალი, 1980, იქვე) — ქართველი მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

საშუალო სკოლა სარატოვში დაამთავრა და იქვე შევიდა უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1924 წელს ჩამოვიდა თბილისში და თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა. აქ მისი მასწავლებლები იყვნენ ცნობილი მოქანდაკეები და მხატვრები: იაკობ ნიკოლაძე, ნიკოლოზ კანდელაკი, ევგენი ლანსერე, იოსებ შარლემანი და სხვა.

ვ. თოფურიძე ჯერ კიდევ სტუდენტობისას ჩაება აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებაში და სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია დაძაბული შრომა. პირველი ნაბიჯებიდანვე იგრძნობოდა შემოქმედის სწრაფვა მონუმენტური პლასტიკისადმი, რაზეც მეტყველებს 30-იან წლებში შესრულებული ნამუშევრები, თბილისში კინოთეატრ „რუსთაველის“ ფასადის ფიგურები, ლადო კეცხოველის ბიუსტი კომუნარების ბაღში და სხვა. სამამულო ომის გამარჯვებას მიუძღვნა ერთ-ერთი ნამუშევარი — ჭიათურის დრამატული თეატრის ფასადზე ქალის ალეგორიული ფიგურა „გამარჯვება“, რისთვისაც 1949 წელს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 1955 წლიდან იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 180, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება