„ეცის ყინულის კაცი“ (გერმ. Ötzi; იტალ. Mummia del Similaun) — ადამიანის ბუნებრივი მუმია. წარმოადგენს ალპებში ნაპოვნ ენეოლითის ხანის ადამიანის ყინულოვან მუმიას, რომელსაც მიაკვლიეს 1991 წელს ეცტალის ალპებში, ავსტრიისა და იტალიის საზღვარზე.[1] იგი ცხოვრობდა დაახლოებით 5300 წლის წინ.[2] მუმია გადაიტანეს ინსბრუკის უნივერსიტეტში, სადაც იგი დასახელდა როგორც პირველყოფილი ადამიანი. ევროპაში ადამიანის უძველესი ბუნებრივი მუმიაა.

ეცის ყინულის კაცი

ეცის ყინულის კაცის მუმია
მშობლიური სახელი Ötzi
დაბადების თარიღი დაახლოებით 5300 წლის წინ
გარდაცვალების თარიღი ეცტალის ალპები

მუმია იპოვეს 1991 წლის 19 სექტემბერს ნიურნბერგელმა ტურისტებმა ჰელმუტ და ერიკ სიმონებმა, მწვერვალ სიმილაუნის კალთებზე. თავდაპირველად მიიჩნიეს, რომ იგი ალპინისტის სხეულია.[3] თუმცა მეორე დღეს მთის ჟანდარმისა და ალპური თავშესაფრის დარაჯის ძალისხმევით ცდილობდნენ ყინულში ჩაფლული მუმიის ამოყვანას არქეოლოგიური ინსტრუმენტების გარეშე; მუმია იმდენად იყო ჩაყინული ყინულში, რომ მათ დასჭირდათ პნევმატიკური დრელისა და ყინულმჭრელის გამოყენება, რის შედეგადაც დაზიანდა მუმიის თეძო. მოგვიანებით, მუმია მოინახულა 8 ჯგუფმა, რომელთა შორის იყვნენ ცნობილი ალპინისტები ჰანს კამერლანდერი და რაინჰოლდ მესნერი.

სხეული დეტალურად იქნა შესწავლილი. ამჟამინდელი შეფასების თანახმად, „ეცის ყინულის კაცი“ სიცოცხლის ბოლო წლებში სიმაღლეში იყო დაახლოებით 165 სმ,[4] იწონიდა დაახლოებით 50 კგ-ს.[5] გარდაიცვალა დაახლოებით 45 წლის ასაკში. მუმიის წონა აღმოჩენისას მხოლოდ 13.750 კგ-ს შეადგენდა. 2012 წლის მაისში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მუმიის სისხლის უჯრედები ჯერ კიდევ დაუზიანებელია და შესაბამისად წარმოადგენს ოდესმე იდენტიფიცირებულ უძველესი სისხლის უჯრედებს.[6] „ეცის ყინულის კაცი“ გარდაიცვალა მხარზე მიღებული ჭრილობით, სისხლდენით.[7]

ნანოტექნოლოგიისა და ატომურ-ძალისმიერი მიკროსკოპის მეშვეობით მუმიაში აგრეთვე აღმოაჩინეს ფიბრინი — გაუხსნელი ცილოვანი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის შედედებისას. სხეული და მასთან დაკავშირებული ნივთები სამხრეთ ტიროლის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება.[8]