ექვთიმე გარეჯელი
ექვთიმე, ეფთვიმე, ევთიმი (გვარად მჭედელაშვილი; გ. 1804) — ქართველი სასულიერო პირი, გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის არქიმანდრიტი 1775–1804 წლებში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. ხსენების დღეა 8 (21) აგვისტო.
ექვთიმე გარეჯელი | |
---|---|
ექვთიმე გარეჯელი (თანამედროვე ხატი) | |
გარდაიცვალა | 1804 |
ხსენების დღე | 8 აგვისტო (ახ. სტ. 21 აგვისტო) |
ექვთიმე განათლებული მოღვაწე და სამეურნეო საქმეთა კარგი ორგანიზატორი იყო. იოანე ბატონიშვილის დახასიათებით ის იყო „კაცი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, სათნოებათა ზედა უცხო მოქადაგე“. ექვთიმემ ააშენა ლეკების მიერ გადამწვარი სოფ. ხაშმი. აშენებდა ვენახებს, წისქვილებს, მიწაზე ასახლებდა უმიწაწყლო გადმოხვეწილ გლეხებს. მისი ინიციატივით იოანე ნათლისმცემლის მონასტერს გადაეცა არაერთი ყოფილი სამეფო მამული. ექვთიმეს თაოსნობით სავანეში ითარგმნებოდა სასულიერო ლიტერატურა. მან საბა ნინოწმინდელი მიტროპოლიტის დავალებით, დაწერა წმ. ნინოს საგალობლები. პლატონ იოსელიანის ცნობით, 1797 წელს, როდესაც თბილისში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა, უდაბნოს ბერები, ექვთიმეს ხელმძღვანელობით, ეხმარებოდნენ ავადმყოფ და უპოვარ ხალხს.
ლიტერატურა
რედაქტირება- იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, ტ. 2, თბ., 1948. — გვ. 197.
- ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), ტ. 1, თბ., 1966. — გვ. 160-161.
- იოსელიანი, პ., ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა, ა. გაწერელიას რედ., თბ., 1978. — გვ. 119-120.
- ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, შემდგ.: დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე, მანანა ბუკია და მაკა ბულია; რედ.: ავთანდილ მიქაბერიძე, თბ.–ათენი, 2003. — გვ. 184-185.
- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 114.