ეფორები
ეფორები (ბერძ. Ἔφοροι) — თანამდებობრივ პირთა კოლეგია ძველ სპარტაში. ანტიკური ტრადიციის თანახმად, ეფორების კოლეგია შეიქმნა მეფე თეოპომპეს დროს ძვ. წ. VIII საუკუნეში. ეფორებს მოქალაქეებისგან ირჩევდა აპელა, 5 კაცს ერთი წლის ვადით. ჰქონდათ აპელის მოწვევის, მისი თავმჯდომარეობის, კანონპროექტების შემოტანის უფლება; აცხადებდნენ ჯარის შეკრების შესახებ. ეფორები აკონტროლებდნენ ყველა ფინანსურ საკითხს, თვალყურს ადევნებდნენ მოზარდების აღზრდასა და ზრდასრული სპარტელების ქცევას; გერუსიასთან ერთად ახორციელებდნენ სასამართლო ფუნქციებს. ეფორატის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა იყო სპარტის მეფეების მოქმედებებზე კონტროლის განხორციელება; შეეძლოთ მეფის გადაყენების ინიციირება. თავისი მოვალეობების შესრულების ვადაში ხელისუფლების არცერთი ორგანოს მიმართ არ იყვნენ ანგარიშვალდებულნი, ვადის ამოწურვისას კი ანგარიში უნდა ჩაებარებინათ მომავალი წლის ეფორების კოლეგიისათვის. კოლეგიის თავმჯდომარის სახელის მიხედვით იწოდებოდა წელიც. ეფორების კოლეგია გაუქმდა ძვ. წ. 227 წელს, მეფე კლეომენე III-ის რეფორმატორული საქმიანობის დროს, შემდგომში კვლავ აღდგა.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Стрелков А. В. Эфоры // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 519.