გერუსია (ბერძ. γερουσία < γέρων — მოხუცი, უხუცესი) — უხუცესთა საბჭო ძველი საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოებში. გერუსია მემკვიდრეობით გადმოვიდა პირველყოფილური წყობიდან, სადაც უხუცესთა საბჭო ტრადიციული სახელისუფლებო ტრიადის (ბელადი – უხუცესთა საბჭო – სახალხო კრება) შუა ელემენტი იყო, მან არსებობა გააგრძელა ჰომეროსის ეპოქაშიც (ძვ. წ. XI–IX სს.), როდესაც პატრიარქალური სამეფო ხელისუფლების მატარებლები მნიშვნელოვან საქმეებს წინასწარ უხუცესთა საბჭოსთან ერთად განიხილავდნენ (ჰომეროსი, ილიადა II 53), და უფრო გვიანაც, არქაიკის პერიოდში (ძვ. წ. VIII–VI სს.), სადაც იგი სახელმწიფო საბჭოდ გადაიქცა (მაგ., კორინთში კიფსელესა და მისი მემკვიდრეების ტირანიის დამხობის შემდეგ, ძვ. წ. VII ს.). გერუსია ყველაზე მეტად ცნობილია ძველ სპარტაში.[1] სავარაუდოდ, სპარტის გერუსიის შემქმნელი უნდა იყოს ლეგენდარული კანონმდებელი ლიკურგე.[2] იგი შედგებოდა 28 უხუცესისგან, რომლებსაც სახალხო კრებაზე ირჩევდნენ 60 წელს გადაცილებული პატივსაცემი მოქალაქეებისგან, და 2 მოქმედი მეფისგან (ასაკის მიუხედავად), ასე რომ სპარტის გერუსიაში სულ 30 წევრი იყო. იგი უმაღლეს სათათბირო და სასამართლო ორგანოს წარმოადგენდა, რომელიც განიხილავდა გადაწყვეტილებათა პროექტებს სახალხო კრებაზე გატანამდე და სისხლის სამართლის საქმეებს.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Фролов Э. Д. Герусия // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 20.
  2. წერეთელი ა., ძველი საბერძნეთი, ტ. I, თბილისი: „განათლება“, 1966.