ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ერსინეკის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, ციხესიმაგრე თურქეთის რესპუბლიკაში, ერზურუმის ილის (პროვინცია), შენქაიის ილჩეში (რაიონი), სოფელ აქშარში. ერსინეკი ქალაქ ერზურუმიდან 175 კმ-ის, ხოლო შენქაიიდან 33 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ციხის ადრინდელი სახელწოდება შემორჩენილია, როგორც ერსინეკის, ისე, არსენიკის ფორმით.

ტოპონიმი

რედაქტირება

ერსინეკი რუსულ რუკებსა და სტატისტიკურ კრებულებში არსენიაკის სახელით არის მოხსენიებული, ექვთიმე თაყაიშვილი, ასევე, არსენიაკს ეძახის, გურჯისტანის 1595 წლის დავთარში კი ყველგან არსენაკი წერია, აქედან გამომდინარე, სოფლის სახელწოდება არსენაკი უნდა იყოს, ხოლო არსენიაკი კი დამახინჯებული ფორმაა.

ციხის აღწერა

რედაქტირება

ერსინეკის ციხე ორმანლის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ციხე ჩრდილოეთის მხარეს ერზურუმ-არტაანის გზას უყურებს. იგი თავის დროზე იქ არსებულ დასახლებულ პუნქტებსა და გზებს აკონტროლებდა. ასევე მას სიგნალის გადაცემის ფუნქციაც ექნებოდა.

ერსენიკეს ციხეს მოკლე აღწერილობას გვთავაზობს ექვთიმე თაყაიშვილი, მას აღნიშნული სოფელი და მასთან არსებული ციხე 1907 წელს მოინახულა იგი აღნიშნავს რომ:

 
„სოფლის ზემოთ, კლდოვან ამართულ მთაზე, ციხეა, მომრგვალებული ფორმისა, ადგილზე გაშენებულია ციხე-დარბაზი, სიგრძით 30 ფეხის ნაბიჯი, განით 18; შიგნით და გარეთ კედლები შეძერწილია თლილის ქვით. ერთს კედელს დატანებული აქვს მცირე სარკმელი.“

იქვე აღნიშნავს, რომ ციხის სიახლოვეს კლდეების ქვეშ ორმოა, სადაც ჯვრის გამოსახულებიანი უზარმაზარი ქვა ყოფილა, რომელზეც წარწერაც ყოფილა. დღეისთვის ეს ქვა აღარსად ჩანს. ხოლო თვითონ ერსინეკის ციხე თითქმის მთლიანად დანგრეულია, რთულია მისი მთლიანი გეგმის წაკითხვა.

ერსინეკის ციხე ტაო-კლარჯეთის სამთავროს თავდაცვის სისტემის ნაწილს წარმოადგენდა, განსაკუთრებით დავით III კურაპალატის მმართველობის დროს. ასევე, ერთიანი საქართველოს პერიოდშიც მას თავისი ფუნქცია უნდა ჰქონოდა. რაც გამოიხატებოდა, როგორც ადგილობრივი ადმინისტრაციიის განმტკიცების, ასევე, გზების დაცვის საქმეში და სხვ.

მოგვიანებით, სამცხე-საათაბაგოს სამხრეთი ტერიტორიის ოსმალების მიერ დაკავების შემდეგ, სოფელი ერსინეკი და ციხე, ოლთისის ლივაში უნდა ყოფილიყო გაერთიანებული

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 3, თბ., 2020 ISBN 978-9941-9675-9-7
  • ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წ. III, თბ., 1958, გვ. 566
  • თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს, პარიზი 1938, გვ. 34.
  • გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წ. II, თბ. 1941, გვ. 347-349.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერსინეკის_ციხე“-დან