ერეკლე II-ის სტამბა — დაარსდა თბილისში 1749 წელს, იარსება 1802 წლამდე.

თავდაპირველად მოთავსებული იყო ანჩისხატის ეკლესიის ეზოში, საპატრიარქო პალატის შენობაში, 1763 წლიდან კი ქალაქის ცენტრში — მეფის სასახლეში. 1781-1782 წლებში სტამბას საფუძვლიანი რეკოსტრუქცია გაუკეთეს: დადგეს ახალი საბეჭდი დაზგა, ჩამოასხეს შრიფტი და სხვა. პირველ ხანებში სტამბას მძიმე პირობებში უხდებოდა მუშაობა მისი თავკაცის — ანტონ I კათოლიკოსის საქართველოდან განდევნისა და რთული პოლიტიკური ვითარების გამო. 1763 წლიდან წიგნების ბეჭდვა-გამოცემის საქმეს გამოცოცხლება დაეტყო, რასაც მთელ რიგ პირობებთან ერთად ხელი შეუწყო ანტონის სამშობლოში დაბწუნებამ.

1784 წლიდან სტამბას სათავეში ჩაუდგა ერეკლე II-ის კარის ეკლესიის მოძღვარი, მარტყოფელი მღვდელი ქრისტეფორე კეჟერაშვილი, რომელმაც იჯარით აიღო სტამბა. არსებითი ცვლილებები შეიტანა ქართული წიგნის ბეჭდვის საქმეში, გაზარდა ტირაჟი, ზრუნავდა მისი სწრაფი რეალიზაციისათვის. წიგნებს კალენდრის სახით დაურთო ცნობები თვეებსა და საეკლესიო დღესასწაულებზე, გაზარდა წიგნების ოდენობა დასახელების მიხედვით. საერთოდ სტამბაში დაიბეჭდა 28 დასახელების წიგნი, მ. შ. „დავითნი“, „სახარება“, „სამოციქულო“, „კონდაკი“, „ლოცვანი“, „კურთხევანი“ და სხვა, ფილოსოფიური და ისტორიული ხასიათის წიგნები „კიტაიის სიბრძე“, დ. ბაგრატიონის „ნარკუევი“ და სხვა. ძველი ქართული ნაბეჭდი ორიგინალური ლიტერატურის უმეტესი ნაწილი გამოცემულია ერეკლეს სტამბაში (ანტონ I კათოლიკოსის „ქადაგება“, „შესხმა პირველი ახლისა ამის წიგნი-საბეჭდისა“ და სხვა).

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია მუშრიბ დავით ყორღანაშვილის მიერ თავად ციციანოვისთვის (1803 წლის 12 აპრილი) მიწერილი წერილი, რომელშიც მოთხრობილია ერეკლეს სტამბის ისტორია.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კასრაძე ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 181.
  • კასრაძე ო., ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, თბ., 1973.
  • კასრაძე ო., ქართული წიგნის ბეჭდვის კერები (XVIII ს.), თბ., 1980.
  1. ერეკლე II-ის სტამბის ისტორია ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტში — საქართველოს ეროვნული არქივი, 28 იანვარი 2015.