ენისელის ყველაწმინდის ეკლესია
ენისელის ყველაწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელის განაპირას, სამხრეთ-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია. შეიცავს ქრონოლოგიურად განსხვავებულ ორ სამშენებლო ფენას. თავდაპირველი კედლები ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კედლები შელესილი და შეთეთრებულია, ზედაპირი - უსწორმასწორო. მოგვიანებით განახლებული ნაწილები ძირითადად აგურისაა, რომლის წყობაში ნატეხი და რიყის ქვაცაა ჩართული.
შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან შეისრულთაღიანია, შიგნიდან - სწორკუთხა. თაღი ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ, სწორკუთხა არეში, რომელიც აგურის სამსაფეხურიანი ფრიზითაა დასრულებული. ეკლესიის დარბაზი კვადრატულია.
აღმოსავლეთით არაწესიერი ნახევარწრის ფორმის აფსიდია, რომელშიც დაბალი, ბრტყლად გადახურული სარკმელია გაჭრილი. თითო მსგავსი სარკმელი დანარჩენ კედლებშიცაა. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო სწორკუთა ნიშაა. თითო მსგავსი ნიშა, ერთმანეთის პირდაპირ სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშიცაა. საკურთხეველი გადახურულია უსწორმასწორო, სხმული კონქით, რომლის თაღოვანი წვერის ნაწილი კამარის წყობაშია მოქცეული. დარბაზი გადახურულია ტლანქად სხმული კამარით. იატაკი მოგებულია აგურით.
ეკლესიის ფასადებზე შემორჩენილია აგურის ხერხულა ლავგარდნის ნაწილები.
ეკლესიის სახურავის დასავლეთ კიდეში დგას კვადრატული გეგმის, ოთხივე მხარეს ნახევარწრიული თაღებით გახსნილი, აგურის სამრეკლო, რომელსაც კვარცხლბეგის ფორმის გადახურვა აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 403.